არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და თავის დამცირებას, არ მაინტერესებს

12/01/2017

არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და თავის დამცირებას, არ მაინტერესებს ვინ რას წერს და რას პრუტუნებს, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავამ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიცემული შანსისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა განაცხადა, რომ პოლიტიკა არა ერთმანეთის მსახურება, არამედ ხალხის მსახურებაა.

”თუ 1%-ით მაინც გჯერათ, რომ ამ ადამიანს, ასეთი მეტყველებით შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მე კითხვების 99%-ს გვერდზე გადავდებდი და იმ 1%-ს ჩამოვეკიდებოდი, რადგან მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და ეს გაუგებარი, აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა პარლამენტში. ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი ადამიანი, მანვე არ დატოვა სამწუხაროდ, ერთიანობის 1%-იანი შანსი. ადამიანი, რომელმაც ეს პარტია შექმნა, მაგრამ ამაზე საუბარი უნდა დავამთავროთ, „მოვიკლათ წარსულ დროებზე ფიქრი“. წარსულზე წარსულმა ილაპარაკოს. ამაზე საუბრისას გული მტკივა, რადგან მჯეროდა, რომ თითოეულ ჩემს თანამებრძოლს, რომელსაც დღეს სხვაგან ვხედავ, საერთო ინტერესებს გამოვნახავდით, რდგან საერთო ინტერესი არის ქვეყანა. თუმცა, მე არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და თავის დამცირებას, არ მაინტერესებს ვინ რას წერს და რას პრუტუნებს. არ არის ენის მოჩლექვის დრო, რადგან ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა და მივხედოთ რეალურ საქმეებს და რეალური საქმეები არის გარეთ, როცა ეკონომიკა კოლაფსშია, კრიმინალი იზრდება და ქვეყანას პატრონი არ ჰყავს”, – განაცხადა უგულავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0