სავარაუდოდ, მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.
როგორც იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, დაგეგმილია ორივე საკონსტიტუციო ინიციატივის ერთად განხილვა, თუკი კვორუმის თვალსაზრისით პარლამენტში პრობლემა არ შეიქმნება.
ერთის მხრივ, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ პროექტზე, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პარლამენტის დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებები დგას, რაც 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.
ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, პარლამენტმა ვერც ერთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ვერ შესძლოს. დეპუტატის თქმით, უმრავლესობის წევრთა ნაწილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს.
ხმალაძის აზრით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო პროექტს გასვლის შანსი არა აქვს. რაც შეეხება უმრავლესობის 81 წევრის ინიციატივას, მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტის მიღების შანსი მაღალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებული იქნება, რაც მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, კარგი არ იქნება.
ხმალაძემ დღეს ისიც დააფიქსირა, რომ პირადად ის და “რესპუბლიკელები“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერენ.
ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის 81 წევრის პროექტს იხილავს. განხილვის პროცესი დებატების ფონზე მიმდინარეობს.