არ არსებობს ძალა, რომელიც ერთი ხელის დაკვრით გადაჭრის ყველა პრობლემას

29/07/2016

არ არსებობს ძალა, რომელიც ერთი ხელის დაკვრით გადაჭრის ყველა პრობლემას, მაგრამ პირობას გაძლევთ, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა რეგიონის მოსახლეობას ერთიანობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“როცა აქ დგახარ, ამ მიწაზე, განსაკუთრებული მუხტი იგრძნობა. არ შეიძლება, სრულად არ გაითავისო, რა ისტორიას, რა წარსულს ატარებს ეს ქალაქი, რამხელა ტრადიციის, რამხელა კულტურის შთამომავალია ეს ქალაქი და შთამომავლები ვართ ყველანი ჩვენ. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს განვითარებულ სახელმწიფოთა ოჯახში, რომელიც მას ნამდვილად ეკუთვნის. ისტორიული სწრაფვა დასავლური ღირებულებებისაკენ, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა და არა დღევანდელობით მოტანილი საჭიროება. საქართველო იქნება განვითარებული და წარმატებული ევროპული ქვეყანა. ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, ამას, შინ და გარეთ, თანამიმდევრული, გონივრული პოლიტიკის გატარება სჭირდება; და ამას სწორედ „ქართული ოცნება, ჩვენ გავაკეთებთ!“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადამიანებს გვერდით დაუდგა და სასწრაფოდ გადასაწყვეტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა, რისთვისაც სახელმწიფომ დიდი რესურსი გაიღო.
მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მცხეთა-მთიანეთში.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალ სხვა გზასა და ხიდს, სასმელი წყლის სისტემებს, სანიაღვრე და ნაპირსამაგრ სისტემებს, წყალმომარაგებისა და სარწყავ სისტემებს; აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, სკოლები; გამრიცხველიანდა და 30 ათასზე მეტ ოჯახს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. „სინათლე ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში ელექტრიფიცირდა უშუქო სოფლები, წლის ბოლომდე კი, დასრულდება კიდევ რამდენიმე ათასამდე ოჯახის ელექტრიფიცირება; ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო 7 ათასამდე ოჯახი; წლის ბოლომდე კიდევ 1500-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება. ამოქმედებულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა ჩვენი მეწარმეების, გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად, რომელთა ფარგლებშიც გაიხსნა და გადაიარაღდა საწარმოები, დამუშავდა მიწები, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, მაღალ მთაში სტიქიური უბედურებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით – დარიალის ხეობაში დამონტაჟდა თანამედროვე სასიგნალო სისტემა, რომლის მეშვეობით, ბოლო სტიქიის დროს ხალხის დროულად ევაკუაცია მოხერხდა; ასევე, გუდაურში მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული სეზონის ხანგრძლივობა.
„ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ხალხმა, პირველ რიგში კი, ადგილობრივმა მოსახლეობამ. საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამიტომაც, მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება ჩვენგან. ჩვენ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივაღწიოთ, რომ მთაში დაბრუნდეს ძირძველი მოსახლეობა და მთა არ დაცარიელდეს. მთის კანონის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მთაში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონრები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები. და კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომლითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, გახლავთ არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. იცით, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა. ვისურვებდი, რომ არხოტისკენ სამანქანო გზის გაჭრა, მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ფუნდამენტი, რომელიც მმართველ გუნდს საშუალებას აძლევს, მომავალ ოთხ წელიწადში კიდევ უფრო მასშტაბური საქმეები წამოიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს. პრემიერმა სიამაყით აღნიშნა მცხეთის უნიკალური ისტორიული ძეგლების დაბრუნება მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში და ეს ღირსშესანიშნავი ამბავი მოსახლეობას მიულოცა.
„ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ! დავასრულეთ ძალადობა და ერთად მოვიპოვეთ თავისუფლება! დღესაც ერთად, სწრაფი განვითარებით უნდა მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მშობლების თაობის, ჩვენი შვილების კეთილდღეობას! ამას სთავაზობს დღეს „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხს! რეალური პოლიტიკით, რეალური ნაბიჯებით ჩვენ მივაღწევთ ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებას! ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვჭირდება. მჯერა, არჩევნებში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც დღეს უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყნის სწორი გზით განვითარება შეუძლია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს დიმიტრი ხუნდაძეს.
„ბატონი დიმიტრი გახლავთ პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი და გამორჩეული დეპუტატი, იგი გახლავთ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. მცხეთელები კარგად იცნობთ მას, დარწმუნებული ვარ, რომ მას თქვენი მხარდაჭერა ექნება და თქვენ ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში.
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი იქნება გამოცდილი პარლამენტარი, მთის კანონის თანაავტორი, ზაქარია ქუცნაშვილი. არც მას სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ზაქრო ამ კუთხის შვილია, მთიანეთის ნამდვილი პატრიოტია და, დარწმუნებული ვარ, არ მოგაკლებთ ყურადღებას“.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვინაიდან სამი რაიონი გაერთიანდა, ყაზბეგის, სტეფანწმინდისა და დუშეთის რაიონებს წარმომადგენლობა ეყოლებათ პროპორციულ საპარლამენტო სიაში. მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.
გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატებს წარმატებები უსურვა.
მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს. ჩვენ ფიცს ვდებთ, აქ, ამ წმინდა მიწაზე, რომ მოვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თითოეული თქვენგანის ინტერესს და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ამის წინაპირობაა პირველ რიგში თქვენი მხარდაჭერა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0