საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი კომპანია „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლებისგან პრეტენზიები მოისმინა და მათ პრობლემებს გაეცნო. ბარნაბიშვილის განმარტებით, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს და გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ განახორციელონ რადიკალური ზომები.
„საქართველოს მთავრობისთვის და პირადად პრემიერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული საამაყო ბრენდის „ბორჯომის“ მუშაობა. ამისთვის დაახლოებით აქციების 7.7% გადმოეცა საქართველოს უსასყიდლოდ, რაც არის საფუძველი, რომ ქარხანამ იფუნქციონიროს სრულფასოვნად და 700-მდე თანამშრომელი კმაყოფილი იყოს. რაც შეეხება კომპანიის მენეჯმენტსა და იქ დასაქმებულთა შორის უთანხმოებას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია, რომელმაც უკვე დაიწყო მოკვლევა, თუ რის საფუძველზე იქნენ გათავისუფლებული თანამშრომლები. რამდენადაც ვიცი, „ბორჯომის“ მენეჯმენტისგან გათავისუფლება ეფუძნებოდა მძიმე ეკონომიურ ვითარებას. დღეს შევხვდი თანამშრომლებს და მოვისმინე პრეტენზიები. კომპანია ჯერჯერობით არის კერძო სუბიექტი და სახელმწიფო იქ არ მონაწილეობს. ამდენად, სახელმწიფოს აქვს მხოლოდ მედიაციის საშუალება. „ბორჯომის“ ქარხნის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნების ნაწილი იქნება დაკმაყოფილებული. მინდა, ვუთხრა თანამშრომლებს, რომ არცერთი თანამშრომელი არ დაიჩაგრება და ყველა დაკმაყოფილდება შესაბამისად. გადაიხედება ჩვენი ინსპექციის მეშვეობით და ალბათ ნაწილობრივ მოხდება თანამშრომლების აღდგენა. შეხვედრა იყო კონსტრუქციული. გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ განახორციელონ რადიკალური ზომები და არ გადაკეტონ გზა. მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.