საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის (NAC) ფარგლებში, ორმხრივ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. არჩილ თალაკვაძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პარლამენტის გაძლიერებაზე და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ოკუპირებული რეგიონებიდან მომავალ საფრთხეებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიმედო და ღირსეული პარტნიორია და ნატო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობას. საქართველო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) უკვე მეხუთედ მასპინძლობს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განხილული ძირითადი საკითხების შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრაზე საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანას ნატოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრამ ბათუმში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ ნატოს მხარდაჭერა ურყევია და პროგრესი, რომელიც გვაქვს, არის სათანადოდ შეფასებული და დანახული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც პარლამენტი და ხელისუფლება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ახორციელებს – ეს არის საარჩევნო რეფორმა, ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა, ეს არის უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმები, განათლების რეფორმა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განახლება. პარტნიორებს ვუთხარი, რომ დემოკრატიის ეს დონე მოითხოვს უფრო ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას მათი მხრიდან. საუბარი შეეხო ოკუპაციას – ყველა ხედავს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ეს არის პრობლემა, რომელიც დღესაც გრძელდება და რეალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს მიღწევებს დემოკრატიის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატოს წევრობასთან და ასევე მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელსაც წევრობისკენ გზაზე მივაღწიეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.