არჩილ გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება, “პოლიტიკური რომატიზმის“ გამომხატველი იყო

06/07/2016

გია ვოლკის შეფასებით, აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება, “პოლიტიკური რომატიზმის“ გამომხატველი იყო. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია მასთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილების მიღება, ვოლსკიმ განაცხადა, რომ დიპლომატის საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკაა.

“არჩილ გეგეშიძესთან საუბარი არ მქონია, მაგრამ რამდენადაც მის პიროვნებას ვიცნობ, ვფიქრობ, ასეთი საუბარი – რომ საქართველოში, სახელისუფლო შტოებში შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ სხვა შეხედულება აქვთ საერთაშორისო სტრატეგიასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამით ჩათვალა, რომ ხაზი გაუსვა, დემოკრატიულობას, პლურალიზმს, რაც მითითებული აქვს კიდეც. წარუმატებელი იყო მისი ეს მცდელობა, რადგან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ამ თანამდებობის პირს გაცილებით მეტი პოლიტიკური პრაგმატიზმი მართებს, ვიდრე პოლიტიკური რომანტიზმი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ გეგეშიძე საკუთარ განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობას გულისხმობდა.

“კოლიციაში მართლაც იყო სკეპტიციზმის რამდენიმე შემთხვევა, ჩვენს საგარეო კურსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანწილად ეს იყო მთავარი წყალგამყოფი ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან. შესაძლოა მან ეს იგულისხმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა.

“ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლოა გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.თავის მხრივ, არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე დაბრუნდა. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან წუხელ ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

“კომენტარს არ ვაკეთებ. ტყუილად გარჯილხართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ”, – განუცხადა გეგეშიძემ ჟურნალისტებს.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.გეგეშიძის აღნიშნულ განცხადებას გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა “არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება“ უწოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0