არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ”ნაციონალები” პენსიების 50 ლარით გაზრდის პირობას დებენ

16/05/2016

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პენსიების 50 ლარით გაზრდის პირობას დებს, – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს მოიგებს, რათა წერტილი დაესვას ადამიანების დაყოფასა და შურისძიებას.

”ჩვენ ვიცით რა სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ვაპირებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვახორციელოთ ეს გეგმა. კერძოდ, შევამცირებთ გადასახადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას მეტი შემოსავალი დარჩეს საკუთარი ხელფასიდან, ხოლო ბიზნესმენს მეტი თანხა დარჩეს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ჩვენ მოვახდენთ ბიზნენის დეკრიმინალიზაციას, რათა არავის ეშინოდეს ბიზნეს გადაცდომის გულისთვის ციხეში მოხვედრის. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანაში ინფრასტრუქტურას, გზებს, გავაგრძელებთ სოფლების გაზიფიაკაციას. პირველი ამოცანა, რომელსაც უსწრაფესად გადავწყვეტთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იქნება იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. სწორედ ამიტომ პირველი, რასაც გავაკეთებთ ოქტომბერში, იქნება პენსიის ზრდა 50 ლარით. იქნება სოცდახმარების აღდგენა მათთვის, ვისაც უკანონოდ მოეხსნა დახმარება. ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს იმისთვის, რომ წერტილი დაესვას ადამიანების დაყოფას და შურისძიებას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0