ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს წევრებმა, 2016 წელს საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული ერთერთი პროექტის საბოლოო ანგარიშს მოუსმინეს. შეხვედრაზე არქეოლოგებმა „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე 1 წლის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევები შეაჯამეს.
არქეოლოგ მიხეილ აბრამიშვილის ინფორმაციით, ტერიტორიაზე აღმოჩენილია 8 ქვევრი, სადაც კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ღვინო ინახებოდა. გარდა ამისა, ნაპოვნია 50-მდე ერთეული სამეურნეო ჭურჭელი, მრგვალი ნაგებობა და უძველესი ცულის ყალიბი.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი წელს მეორედ გამოცხადდა. ჩატარებული კონკურსის შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ორი არქეოლოგიური პროექტი დაფინანსდა. კვლევები „შაჰტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
საბჭოს წევრები, უახლოეს პერიოდში „შახტახტის დედაციხის“ მიმდებარედ ჩატარებული კვლევების შედეგებს გაეცნობიან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო 2015 წლის 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს შექმნის მიზანი, თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ქალაქში ტურისტული მარშრუტების რაოდენობის ზრდაა.
არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
25/07/2016