არის მთელი რიგი ხარვეზები როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, აღსრულების ნაწილში, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას

12/06/2020

„შშმ პირთა უფლებები და საკანონმდებლო ხარვეზები“ – ეს არის თემა, რომელსაც მიეძღვნა პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი.

„14 ივნისს საქართველოში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2003 წლიდან ოფიციალურად არის აღიარებული და მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, არის მთელი რიგი ხარვეზები როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, აღსრულების ნაწილში, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას, მათ ინტეგრირებას სოციუმში და მათ მიერ სრულად რეალიზებას თავისი შესაძლებლობებისა და სრულფასოვნად ცხოვრებას“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ზემოაღნიშნულის სამაგალითოდ შეიძლება დასახელდეს სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის ასოციაცია, იგივე „მშობელთა კავშირი“, რომელიც ემსახურება ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, როგორიცაა ფსიქოსოციალური საჭიროების და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები, და რომელიც წლებია ვერ იბრუნებს მათ მფლობელობაში არსებულ ფართს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის დღის ცენტრის შექნა აქვთ დაგეგმილი. როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ორგანიზაცია ითხოვს მისი კუთვნილი ფართის გამოთავისუფლებას და გადაცემას კანონიერი მფლობელისთვის, რომელსაც საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 17 ივნისის განკარგულებით გადაეცათ აღნიშნული ფართი.

„მათ მოიგეს სასამართლოს სამივე ინსტანცია, სამივე ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ფართი დაბრუნდეს მათ მფლობელობაში და განახორციელონ თავისი საქმიანობა – სადაც მოაწყობენ ტრენინგებს, სახელოსნოებს, დაამზადებენ პროდუქციას, იცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით. კანონმდებლობაშიც არის ჩანაწერები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ მსგავსი საქმიანობა განახორციელონ. მიუხედავად ამისა, ამას ხელს უშლის მთელი რიგი სხვადასხვა მიზეზი და დღემდე ვერ ხერხდება მათი კუთვნილი ფართის დაბრუნება, სადაც მოხდებოდა სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი ცენტრის ამოქმედება, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადო დაცვას, მათ სახელობო განათლებასა და რაც მთავარია დასაქმებას და სოციალურ ინტეგრაციას“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, პრაქტიკის ხარვეზი დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას და ამ ადამიანებს მიეცეს შესაძლებლობა რომ განახორციელონ თავისი საქმიანობა. მისივე თქმით, სოციალ-დემოკრატები მჭიდროდ თანამშრომლობენ მსგავს ორგანიზაციებთან, მოამზადეს კიდეც კანონპროექტები და ნორმატიული აქტები და მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა გააუმჯობესონ არსებული ვითარება და აღმოფხვრან ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც არსებობს. გია ჟორჟოლიანი მოუწოდებს ასევე პრემიერმინისტრს, მთავრობას, რომ აღსრულების ნაწილი გააუმჯობესონ ისე, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სამართლიანი უფლების რეალიზება და განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მთელი საზოგადოების მიერაც აღიარებულია, როგორც აუცილებელი და საჭირო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0