არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება

24/06/2016

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ახალი ერთობლივი პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში.

გოჩა ლორთქიფანიძემ იმ რეფორმებზე გაამახვილა ღონისძიების მონაწილეთა ყურადღება, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ბავშვთა უფლებების დაცვისათვის ახორციელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელიც სრულიად ახალი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემაა და ქმნის არასრულწლოვნებისათვის სპეციალიზებულ ინსტიტუტს. ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები; სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებით უპირატესობა ენიჭება მედიაციისა და განრიდების ინსტიტუტებს; პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება გამოყენებული; მცირდება პატიმრობის ვადა, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, კანონზე, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს იცავს როგორც ოჯახური, ისე სხვა პირის ძალადობისაგან. კანონის კიდევ ერთი სიახლე ასეთი მოზარდებისათვის დოკუმენტაციის მოწესრიგებაა, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში.

გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა დისკუსიისათვის ამ საკითხების ირგვლივ.

გაერო-ს პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელები. პროექტი იმუშავებს როგორც არასრულწლოვნების, ისე ზრდასრულების მიმართულებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ნაწილში პროექტს გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF) უხელმძღვანელებს, სრულწლოვანთა მიმართულებით კი − გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0