პარლამენტს პატივს ვცემ, თუმცა არ ვარ მოტივირებული ჩავერთო უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში, რომლის გამართვასაც აპირებენ, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, მისი უწყება გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, თუმცა პიროვნულად დაინტერესდა პროცესის მიმდინარეობის შესახებ და საკუთარ შეფასებას პარასკევს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დააფიქსირებს. ამასთან აგულაშვილი არ აკონკრეტებს, მივა თუ არა პარლამენტში და აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღება ამის გარეშეც შეიძლება.
“ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ ჩემთვის და სამინისტროსთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. მე ვერ გავხდები პასუხის გამცემი იმ კითხვებზე, რომელიც ჩემს კომპეტენციაში, გნებავთ ჩემდა სამწუხაროდ, არ შემოდის. პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენი დაბარება, კეთილი ინებონ და საკანონმდებლო აქტით აღჭურვონ სამინისტრო იმ უფლებამოსილებით, რაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში სამინისტროს ჩართულობას გულისხმობს. ამ პროცესში სამინისტრო ერთი წამითაც არ ყოფილა ჩართული. არც ერთი გადაწყვეტილება სამინისტროს არ მიუღია, არც ერთი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროსთვის არავის მიუმართავს. რატომ უნდა მოემართათ ჩვენთვის, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებდით?! რომც მოემართა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ჩვენ ვეტყოდით, რომ ეს საკითხი არ არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და მიმართეთ იმ ადამიანებს – ამ შემთხვევაში მერიას და მერიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. მე პატივს ვცემ ინსტიტუტებს, პარლამენტს, პარლამენტარებს, ჩემს ყოფილ კოლეგებს, თუმცა არანაირად არ ვარ მოტივირებული და მსურველი იმის, რომ ჩავერთო, ჩემი აზრით, იმ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში, რომლის გამართვას აპირებენ. რა თქმა უნდა, სამინისტრო თავის პოზიციას დააფიქსირებს და შეძლებისდაგვარად, თავის კომპეტენციის ფარგლებში კითხვებს პასუხს გასცემს”, – განაცხადა აგულაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, პროცესები არის ხელოვნურად პროვოცირებული. მუხედავად ამისა, მინისტრი იმედოვნებს, რომ პარლამენტში დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენა შოუდ არ იქცევა და მხარეებს, ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ უფრო ვრცელი ინფორმაცია საზოგადოებისთვის.