თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეღავათებს კიდევ ერთი დაემატა – შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ და მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მთლიანად უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისითა და საკვები პროდუქტებით. განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში. ამ ყველაფერში ჩართულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ავამოქმედეთ მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა. ეს არის უფასო მგზავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში. საჭიროა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის ჩვენება. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების უფასო წვდომის პროგრამები დედაქალაქში. გარდა ამისა, მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე – გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, აღნიშნულ საკითხს კოორდინაცია გაუწიოს.
„ილია ელოშვილს ვავალებ, კოორდინაცია გაუწიოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. უნდა გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ამ ოჯახებთან და აუხსნათ ეს ყველაფერი. ჩვენ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგებით, სანამ ამის საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შემომწირველების მხრიდან ანგარიშზე უკვე მილიონ 117 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული. კახა კალაძემ აქვე, მადლობა გადაუხადა შემომწირველებს და უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა.
„უკრაინის დასახმარებლად გავხსენით სპეციალური ანგარიში სახაზინო კოდით – 300778800. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ანგარიშზე შემოწირული თანხის რაოდენობა მილიონ 117 ათასი ლარია, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას და რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ეს თანხები მიმართული იქნება ჩვენი უკრაინელი დების და ძმების დასახმარებლად. მომდევნო დღეების განმავლობაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმით განვახორციელოთ ამ თანხის უკრაინაში გადარიცხვა – ეს იქნება ისევ პროდუქტების შეძენა თუ თანხის პირდაპირ გადარიცხვა. გვექნება კონსულტაციები უკრაინის საელჩოსთან და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მისივე თქმით, გავრცელებულ ტყუილებს შორის იყო ისიც, რომ თითქოს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იარაღს აწარმოებს. მისი განმარტებით, კომპანია „მეტროვაგონმაშს“ და მთლიანად ჰოლდინგს, რომელშიც ეს კომპანია შედის, საბრძოლო იარაღის წარმოებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„ბევრჯერ მითქვამს, რომ არავის გავუტარებთ სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ დღეებში თბილისის მეტროს ვაგონების ტენდერთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთი ტყუილი გაავრცელეს. მათ შორის იყო ის, რომ თითქოს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იარაღს აწარმოებს. ამდენი ტყუილის მოგონება და ფანტაზიებში გადავარდნა რას უკავშირდება, არ ვიცი. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ პირში წყალს ჩავიგუბებთ და არაფერს ვიტყვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან. ამ ჰოლდინგში რამდენიმე კომპანიაა გაწევრიანებული. არათუ ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ჩვენს ტენდერშია გამარჯვებული, არამედ ჰოლდინგის არცერთ კომპანიას არ აქვს კავშირი იარაღის წარმოებასთან. ასევე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის შესახებ. მათ პროდუქცია მიწოდებული აქვთ მაგალითად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტისთვის, ასევე, სერბეთისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით განხორციელდა და ყველაფერი მათ მიერ დადგენილი წესებით მიმდინარეობს.
„კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა თბილისის მერიის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვის წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც: თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ს მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე, ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები აქვს. შესაბამისად, ჩვენც ამ ეტაპების გავლა მოგვიწია. 2021 წლის ნოემბერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ეს ამბავი დაუკავშირეს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს და სანქციებს. არაერთი სიბინძურე და არასწორი განცხადება მოვისმინეთ ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე. მერე გამოდიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუე არის თქვენი დღის წესრიგი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და „გაფარჩაკდებით“. ასე რომ, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც რეალურია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეჩერებულია და თბილისის მერია ელოდება EBRD-ს გადაწყვეტილებას.
„რაც შეეხება უშუალოდ ვაგონების შესყიდვას, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამავე ტენდერის ფარგლებში. ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ჩვენც ამ გადაწყვეტილების მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. ჯერჯერობით, თანხის გადარიცხვა შეჩერებულია, იმიტომ, რომ არვიცით თუ რომელ კომპანიებს დაეკისრება სანქციები. საბოლოოდ, ჩვენს დედაქალაქს აუცილებლად ექნება ახალი მეტროს ვაგონები, რომლითაც მოსახლეობას მოვემსახურებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა, რომლის დროსაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს. კომუნიკაცია შედგა ასევე, ხარკოვის და ირპენის მერებთან.
„მინდა, გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. აბსურდი და გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის. რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ ოფიციალური წერილი გავუგზავნე ტელეფონზე. ეს იყო საქართველოსა და მოლდოვის თვითმმართველი ერთეულების მერების წერილი. მე ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი და ერთობლივად გავამზადეთ წერილი, რომელიც გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა მედიასაშუალებით. ეს წერილი პირდაპირ გავუგზავნე მას. მან მაშინვე გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე: იქ არსებულ მდგომარეობაზე, თუ რა ვითარება იყო. ამის შემდეგაც მქონდა კომუნიკაცია. კომუნიკაცია მქონდა ასევე ხარკოვის და ირპენის მერებთან. რატომ უნდა მოვიტყუო, რა არის ამაში ისეთი, უბრალოდ გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით დღეს კიდევ ოთხ ოჯახს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, თბილისის მერია უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 60 ბინას შეისყიდის.
„წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრისის გარეშე არ დარჩებოდა. ამ მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები და კონკრეტულ პროგრამას ვახორციელებთ. მის ფარგლებში, უსახლკარო სტატუსის მქონე ოთხ ოჯახს დღეს საცხოვრებელი უნდა გადავცეთ. წელს, დაახლოებით, 60 ბინას შევისყიდით და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პარალელურად, უსახლკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებების განხილვა გრძელდება.
„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უსახლკარო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებებს განიხილავს. საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება. ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიმართეთ თქვენს რაიონის გამგეობას ან დედაქალაქის მერიას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწყობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მეტროსადგურ „სამგორის“ ტერიტორიის, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე სივრცის მოწესრიგება იწყება.
„გვინდა, მოვაწესრიგოთ მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარედ არსებული სივრცე. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს და ისნის რაიონის გამგებელს, ნიკოლოზ ელისაშვილს, დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე, ადგილობრივი ბაზრობების ხელმძღვანელობასთან, რათა მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე, მოწესრიგდეს ის ჯიხურები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების გადაადგილებას. უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გავლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე, თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დაიწყოს მუშაობა აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ამასთან, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„როგორც იცით, დაწყებულია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. გარემოვაჭრეებმა გადაინაცვლეს ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, რასაც აქამდე ქუჩაში აკეთებდნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც გამვლელებისთვის, ასევე, მათთვისაც. შეუძლებელია, იმ ფორმით და იმ ვითარებაში ეს პროცესი გაგრძელებულიყო. შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ადამიანები გადაყვანილი არიან ბაზრობის ტერიტორიაზე. ასევე, აღებულია ჯიხურები, რომელიც ხელს უშლიდა მეტროს ჩასასვლელში გადაადგილებას. დაწყებულია ამ სივრცის მოწესრიგება, რაშიც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურია ჩართული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა განცხადება პირველ აპრილამდე უნდა წარმოადგინონ. კახა კალაძის განცხადებით, შეღავათები პანდემიის პერიოდში იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას, გაცდენილი პერიოდის ვადის სახით აღდგენასა და სანქცია-საურავების ჩამოწერას გულისხმობს.
„ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ჩემი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ვიწყებთ მის განხორციელებას. ის ითვალისწინებს ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტისთვის მთელი რიგი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. იმ ადამიანებს, ვისაც გსურთ პროგრამაში ჩართვა, მინდა მივმართო, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პირველ აპრილამდე უნდა მიმართონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომელს, ლია ჩაჩიბაიას პარატაეკვანდოში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„ცოტა ხნის წინ, ალბანეთში გაიმართა ევროპის თასის ჩემპიონატი პარატაეკვანდოში, რომელშიც საქართველოდან წარდგენილმა სპორტსმენებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ძნელია მობილიზება სხვა საკითხებზე, მაგრამ ვინაიდან ერთ-ერთი მედალოსანი თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ლია ჩაჩიბაიაა, მინდა, რომ გულით და სულით მივულოცო და ვუსურვო მას წარმატება. ასეთ ადამიანებზე დგას მუნიციპალიტეტის მერია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სიხარულს მოუტანს ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას“, – განაცხადა თბილისის მერმა.