არავინ ამბობს, რომ ანა დოლიძე კვალიფიციური იურისტი არ არის

29/07/2016

არავინ ამბობს, რომ ანა დოლიძე კარგი და კვალიფიციური იურისტი და ადამიანის უფლებათა კარგი დამცველი არ არის, მაგრამ ევა გოცირიძე ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეირჩა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
როგორც ბესელია განმარტავს, ევროსაბჭოს მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმია კანდიდატის მიერ სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება და სტაჟის ქონა. დეპუტატის თქმით, ევა გოცირიძეს წლების განმავლობაში ჰქონდა უზენაეს სასამართლოსა და ევროსასამართლოსთან მუშაობის გამოცდილება, რასაც ევროსაბჭო ყურადღებას აქცევს.

“პირველ რიგში, იმ შეფასებაში, რომელიც ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა და ექსპერტთა საბჭომ გამოაგზავნეს, არის კრიტიკული შენიშვნა წარდგენილ კანდიდატთაგან ორი კანდიდატის მიმართ. განსაკუთრებით ქალი კანდიდატის მიმართ იყო კრიტიკული შენიშვნები, რომ მისი მონაცემები იმ აუცილებელ კრიტერიუმს არ შეესაბამება, რაც ევროსასამართლოში მოსამართლეთა გამწესებისთვის არსებობს. ეს წერილი არის კონფიდენციალური, მაგრამ ასეთი დასკვნა არსებობს. ამის შესაბამისად გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. თუკი ჩვენ არ გავიზიარებთ იმ კონსულტანთა მოსაზრებებს, რომლებიც წარდგენილ კანდიდატებს აფასებენ, შეიძლება საბოლოოდ, ასეთი სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ გაიზიაროს. ამასთან, ქალბატონი ისევ ქალბატონით უნდა შეცვლილიყო. რატომ ევა გოცირიძის კანდიდატურა? – გამომდინარე იქიდან, რომ თავად ევროპის საბჭო ადგენს კრიტერიუმს, რომ კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი სასამართლო სისტემაში, უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულების სფეროში მუშაობის გამოცდილება, საერთაშორისო სამართლის ცოდნა, სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, სიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ამ თვალსაზრისით არავითარ პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე განცხადებით, კანდიდატების წარდგენა აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე გარანტირებულად გამარჯვებული იქნება.

“გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული პროცედურით ხდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოსამართლეს ფარული კენჭისყრით ირჩევს. იმის მიუხედავად, თუ ვის ვინ მოსწონს, გადაწყვეტილებას იღებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, ფარული კენჭისყრით. ამას წინ უძღვის კიდევ ერთი პროცედურა – ეს არის კომიტეტის სარეკომენდაციო წერილი“, – განაცხადა ბესელიამ.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძეს ევა გოცირიძე ჩაანაცვლებს. როგორც მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ევროპის საბჭოს ექსპერტები ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურას მისაღებად მიიჩნევენ, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით კი აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად მუშაობის 11-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, სასურველი იქნებოდა, სხვა პროფესიული გამოცდილებაც ჰქონოდა. რაც შეეხება ქალ კანდიდატ ნანა მჭედლიძეს, ევროპის საბჭოს ექსპერტები მასთან მიმართებაში უარყოფით რეკომენდაციას იძლევიან და ფიქრობენ, რომ მას არ აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში სათანადო გამოცდილება და არც მაღალი აკადემიური გამოცდილება.
გამომდინარე იქიდან, რომ სამპირიან სიაში უნდა იყოს ორი სქესის წარმომადგენელი და ერთმანეთის რეალური კონკურენტები, მთავრობამ გადაწყვიტა, იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან აერჩია ქალი კანდიდატი და ნანა მჭედლიძის ნაცვლად სიაში შეყვანილი ყოფილიყო ევა გოცირიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0