არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა

29/12/2021

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა – დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა, რომელიც დუბაიში, „ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში ვიზიტით იმყოფება. ნათია თურნავას განცხადებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება მომავალი წლის განმავლობაში. მინისტრი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე წარმატებით დასრულდება.

„სამი თვის წინ ოფიციალური ვიზიტით გახლდით დუბაიში და მაშინ შედგა შეთანხმება, ძალიან სწრაფად დაგვეწყო მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სულ რაღაც სამ თვეში მოვახერხეთ და ხელი მოვაწერეთ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, პანდემიის მიუხედავად საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა ინტერესი გაცილებით დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში.

„ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, მინერალური წყლები და ბევრი სხვა პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია მივაწოდოთ ბაზარს და დიდი ინტერესი არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის პირველი ქვეყანა რეგიონიდან, ვინც ძალიან მალე შეუერთდება იმ 46 ქვეყანას, ვისთანაც საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს წაადგება ორივე ქვეყანას, ეს წაადგება ჩვენს განვითარებას, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბის კონკრეტულად სპარსეთის ყურის რეგიონთან“, – განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0