ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები

13/04/2022

„ანგარიში ტრადიციულად მაღალი სტანდარტების მიხედვით არის ჩამოყალიბებული. ამდენად, იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგარიში იმდენად მკაფიოა, რომ ის არ ტოვებს სივრცეს რაიმე მანიპულაციებისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის. ამიტომ, ნურავინ ეცდება, რომ ფაქტების შელამაზების ან მთელი სიმართლის ართქმის გზით დამახინჯებულად წარმოადგინოს ანგარიშის არცთუ უმნიშვნელო დეტალები“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ 12 აპრილს გამოქვეყნდა. მისი თქმით, დოკუმენტში მიმოხილულია და დაფასებულია ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლის მანძილზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით.

„ანგარიშში ასევე არის გადმოცემული ინფორმაცია ისეთი ფაქტების შესახებ, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ან/და პოლიტიკური ინტერესით ხასიათდება და რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოგვისმენია. შესაძლებელია გადაჭრით ითქვას, რომ თუ არა ყველა, უდიდეს უმრავლესობა შემთხვევებში, მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, რომ ეხილათ საქართველო, მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია. ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან, მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. ანუ, იქ, სადაც საკმარისი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, ანგარიშში მითითებულია, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ან სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სახეზე იყო დარღვევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ასეთი ვითარებაა ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „პოლიტიკური პატიმრობის“ საკითხთან დაკავშირებითაც.

„ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები (სხვათა შორის ზუსტად იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა). ამ ფაქტის შესახებ რომ ანგარიშში აუცილებლად იქნებოდა მითითებული, ეს გასაკვირი არავისთვის არ გახლავთ. მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით იქნებოდა ამის შესახებ აღნიშნული – დაისმებოდა რაიმე კითხვის ნიშანი სააკაშვილის პატიმრობის განსახვავებულ მოტივაციაზე თუ სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებაზე მითითებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის საუბარი, რომლებშიც სააკაშვილია მხილებული.

„ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ მაგალითად ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
საზოგადოება, როგორც ყოველთვის, არ წამოეგო რადიკალური ოპოზიციის და პარტიულ მედიასაშუალებათა ამ უსუსურ ინსინუაციებს და არ მოტყუვდა ამ პრიმიტიული ფოკუსებით. ამას მოწმობს, მათ შორის, სოციალური ქსელის მომხმარებელთა რეაქციებიც.

ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული და რაც არ არის ფართოდ დისკუსირებულიც საზოგადოების მიერ, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიც და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილი. ეს ეხება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილებს, ისე კრიტიკულსაც. მაგალითად, კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმის დაჩქარებული წესით მიღების მიზანშეუწონლობაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს სწორი და ცალსახა დამოკიდებულება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ანგარიში საკმაოდ მოცულობითია. მასში უმნიშნელოვანესი ტენდენციებია გაშუქებული.

„მათ შორის, აღნიშვნას და მადლიერებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევები. შეჯამების სახით შესაძლებელია ითქვას, რომ მთლიანობაში ანგარიში ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. მასში ზედმიწევნით სწორად არის დანახული ის სფეროები და გამოწვევებიც, რომელთან მიმართებაშიც გვმართებს სამომავლოდ ყურადღების გამახვილება ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისა და სწორი აქცენტების გასაკეთებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, დოკუმენტი ძალიან კარგი წყაროა არა მხოლოდ ინფორმაციისთვის, არამედ იმის განსასაზღვრად, თუ რა მიმართულებებით უნდა განვითარდეს ქვეყანა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით.

„ამავე დროს, ანგარიში ძალიან დაგვეხმარება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის შევსების უმნიშვნელოვანეს პროცესში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს!“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0