საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა.
როგორც ანა დოლიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტის შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება და შინაარსობრივად სამ ნაწილად იყოფა.
„შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისათვის მეტი ავტონომიის მინიჭებას,
შენიშვნების მეორე ჯგუფი ეხება მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას,
შენიშვნების მესამე ჯგუფი შეედარებით ტექნიკური ხასიათისაა და გთავაზობთ ცვლილებებს, რომლებიც უფორ დახვეწავს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას.
სასამართლოს დეცენტრალიზაცია და მოსამართლეთა თვითმმართველობისა და ავტონომიურობის გაზრდა მნიშვნელოვანი ფასეულობაა და აღნიშნულია ჩვენივე კანონმდებლობაში, აღნიშნულია ვენეციის კომისიის არაერთ მოსაზრებაში, ასევე ჩვენთვის მრავალ საინტერესო და სახელმძღვანელო საერთაშორისო დოკუმენტში“, – განაცხადა ანა დოლიძემ საკომიტეტო განხილვაზე.
ანა დოლიძემ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღებამდე მოტივირებული შენიშვნების გააზრებისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ არის ფატალური, ან დრამატული ეტაპი. ეს არის საშუალება რომ პრეზიდენტმაც მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში.
მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ შენიშვნების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით და მხარი არ დაუჭირა მას.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი არ იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა.
ამ უარით იგი უარს ეუბნება სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას, მეტ გაჯანსაღებას და რაც მთავარია ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ პოზიციებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა
07/02/2017