ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

20/08/2022

პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში დღეს ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. 3 წლის შემდეგ ბანაკი პირველ ნაკადს მასპინძლობს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკისა და ევროპული სკოლის იყალთოს საზაფხულო ბანაკის შემდეგ, ანაკლია არის მესამე ბანაკი, რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. ანაკლიის ბანაკი ლიდერებისა და მონაწილეების მიერ მეგრულ და აფხაზურ მოტივებზე დადგმული ორიგინალური სანახაობითი ღონისძიებით გაიხსნა. მონაწილეებისვე შესრულებული „ხორუმი“ და „დაისი“ საერთო საბანაკე ფლეშმობში გადაიზარდა. საღამოს დასასრულს, ახალგაზრდების წინაშე ჯგუფი „+995“ წარსდგა.
ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის, ბანაკების მართვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ ახალგზარდობის სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდებს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა, შეუერთდნენ საბანაკე ცხოვრებას. ბანაკში მონაწილეობენ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათი შერჩევა მოხდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით. წელს, ბანაკები მასპინძლობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს.
მნიშვნელოვანია, რომ საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით და მორგებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გამართავენ: ინტერაქტიულ საგანმანათლებლო შეხვედრებს, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს, მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს, სპორტულ ოლიმპიადასა და ტურნირებს. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია, ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0