ამ სტრატეგიაში მკაფიოდ არის გაწერილი ყველა ის საკითხი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას

17/02/2023

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დღეს 2022 წელს გაწეულ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 4 ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. ​მისი განცხადებით, სამინისტრო ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, დევნილების და შრომის მიმართულებებით ახორციელებს საქმიანობებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა სფეროს მიხედვით დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმები. ​მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში პირველად დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2022-2030 წლებზეა გათვლილი და ასახავს ქვეყანაში ჯანმრთელობის სისტემის განვითარების ხედვას და განსაზღვრავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით.

„ამ სტრატეგიაში მკაფიოდ არის გაწერილი ყველა ის საკითხი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და მოსახლეობისათვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა მინისტრმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, გასული წლის 1-ლი ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ახალი გადახდის სისტემა დაინერგა, რომელიც მსოფლიოში კარგად აპრობირებულია და DRG სისტემის სახელით არის ცნობილი; დიაბეტიანი ბავშვებისათვის შეძენილია გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები; დაწესდა ექიმებისა და ექთნებისათვის ხელფასების მინიმალური ზღვარი; ძალაში შევიდა მედიკამენტების წარმოების ხარისხის სისტემა; მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა; სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში დაინერგა ელექტრონული გადამისამართების სისტემა, გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი. მან ასევე ისაუბრა დევნილთა, სოციალური მომსახურების და შრომითი ურთიერთობების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე და კომიტეტის წევრებს წელს დაგეგმილ აქტივობებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

„ბოლო წლებში, სამინისტრომ მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხა. მინისტრი უკვე ერთი წელია ხელმძღვანელობს უწყებას და ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები უკვე ხელშესახებია: DRG სისტემა, რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე, სოციალური საკითხები, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილება და ასე შემდეგ. 2023 წელს საპენსიო მატება აქვს ყველა სოციალურ ჯგუფს, მათ შორის, წელს კიდევ მოსალოდნელია სოციალურად დაუცველი ბავშვების ანაზღაურების ზრდა. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პარლამენტის და სამინისტროს კონსტრუქციული თანამშრომლობით, ჩვენი მოსახლეობის სასიკეთოდ კიდევ არაერთ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღო. სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0