ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის და სხვა 20-ზე მეტი პარტნიორის ხელშეწყობით 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც მზად არის, მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მნიშვნელოვანი და გამბედავი ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის სწრაფად და სწორად განხორციელების მიზნით.
“ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე. ამ პროცესში აუცილებელია როგორც სახელმწიფო სტრუქტურების სრული ჩართულობა, ასევე კერძო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც უნდა გახდეს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების საფუძველი. ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა მალე დასრულდება და ჩვენ დავიწყებთ ბიზნესთან ერთად საკითხების აქტიურ განხილვას,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა IT ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომლებიც მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიიღო. მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კლიენტებს და სწორედ ასეთი კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 20-დან 5%-მდე, მოგების გადასახადი შემცირდა 15-დან 5%-მდე, ხოლო დღგ და ქონების გადასახადი განულდა. მისივე თქმით, სწორედ ამ საგადასახადო გადაწყვეტილებების შემდეგ ქვეყანაში შემოვიდა ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა „ვაიბერი“, „ეპამი“ და „ექსადელი“. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იღებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით.