ამ ეტაპზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკვე დასრულებულია ქვაყრილისა და ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა

16/10/2022

ზაფხულში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკვე დასრულებულია ქვაყრილისა და ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კი შესაბამისი სამუშაოები კვლავაც აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე მიმდინარე და უკვე დასრულებული აღდგენითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაპუნა გამყრელიძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.
მათი განცხადებით, შესაბამისი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში, გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე ძირითადი აღდგენითი სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა მნიშვნელოვნად დააზიანა და გადაადგილების პრობლემა შექმნა, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, შესაბამისმა სამსახურებმა, ყველა საჭირო სამუშაო ოპერატიულად განახორციელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0