ამ დღეს აღდგა ისტორიული სამართლიანობა

24/03/2017

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და აღნიშნული თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ავტოკეფალიის აღდგენამ ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა, რასაც ერთი წლის თავზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.
“ამ დღეს აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ ჩვენთვის სათაყვანებელ სარწმუნოებას, უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. სწორედ ეკლესიაში იყო თავმოყრილი ქართველი კაცის სულიერი საზრდო, ჩვენი სულიერი საგანძური და ამ განძის გადარჩენა, იმპერიული მარწუხებისგან მისი დახსნა მხოლოდ თავგანწირული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ დაუდგა უკიდურესად მძიმე წუთები და ეკლესია, სასულიერო პირები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს, ამბობდნენ თავიანთ სიტყვას, იცავდნენ ერისა და ქვეყნის ინტერესებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურებაც გახლავთ ჩვენი სამშობლოს წინაშე ის, რომ 1990 წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცდა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ. დღეს საქართველო თანამედროვე, ევროპული ქვეყანაა, სადაც ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით არის მოწესრიგებული, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2017 წელი გამორჩეულია, რადგან ერთდროულად აღინიშნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლის იუბილე. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ თარიღებს მიეძღვნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები – გაიმართება „საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნისა და კონფესიების წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები, სამეცნიერო და კულტურული წრეების თვალსაჩინო მოღვაწეები.
საქართველოს პარლამენტში გამართულ კონფერენციას საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, წმინდა სინოდის წევრები, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0