ამ დრომდე ჩვენ კრიზისი სწორად ვმართეთ

09/06/2020

9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, განცხადებებისთვის საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეულ დეპუტატებს დაეთმოთ.

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი – „მიუხედავად იმ ობიექტური გარემოებებისა, რომელიც გამოწვეულია ეპიდემიასთან ბრძოლით, იმ პრევენციული ღონისძიებებით, რაც უკავშირდება ამ ვირუსთან ბრძოლას, ვფიქრობთ, რომ აქ სოლიდარულები ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მოტივაციით და ამ საკითხის გამო, აბსოლუტურად ყველა სტანდარტი, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო და საკანონმდებლო მუშაობას, დასუსტდეს და ეს მუშაობა დაემსგავსოს კონვეირული წესით კანონების ისე მიღებას, რომ მისი გააზრებაც კი ვერ მოასწროს არა მხოლოდ მოქალაქემ, არამედ კანონმდებელმაც. სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით, ახალი კანონპროექტების შემოტანა, რომელიც ამატებს ახალ მუხლებს ადმინისტრაციულ და სხვა კოდექსებში და იწვევს ახალი სანქციების დამატებას, არის აბსოლუტურად მიუღებელი საპარლამენტო მუშაობისთვის“.

დავით ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი – „დღეს მთავრობას საინტერესო ინიციატივა შემოაქვს, რომ ის იჯარები და ე. წ. სხვადასხვა ვალდებულებები, რომლებიც კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ გააჩნიათ, პანდემიის პერიოდში, მთავრობა ამის გადავადებას, შეჩერებას და ზოგის გაუქმებას აპირებენ. ეს მისასალმებელია და ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა უფრო არის დაჩქარებული განხილვის ღირსი, ვიდრე ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღება, რადგან ეს უფროა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხალხისთვის“.

ზაზა გაბუნია – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – „მინდა ყურადღება გავამახვილო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამუშაოებზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში არ შეჩერებულა და რომელთაც აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღირებულება, მით უფრო, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოლიტიკაზე და ამ თვალსაზრისით არსებულ ამოცანებზე ვსაუბრობთ. ცხადია, ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ არამარტო გზას, არამედ მათ შორის სასმელი და საწარმოო წყლით მომარაგების სისტემებსაც და სიამოვნებით მინდა გაცნობოთ, რომ ქუთაისს, რაც უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, დიახ, ისტორიაში პირველად აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება. 22 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე, პირველი, 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. სოფელ ხევში აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და საბავშვო ბაღი, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ პროექტის ლოჯისტიკურ, სატრანსპორტო და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე, პროექტის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილი 30 კილომეტრით შემცირდება, ხოლო მგზავრობის დრო განახევრდება“.

ნინო წილოსანი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – „ყველანი მოუთმენლად ველით დაპაუზებული სექტორის ახმაურებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს აქვს მოქალაქეების წინაშე – ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და, ამავდროულად, მათ შემოსავლებზე. ამასთანავე უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ბალანსი ტურიზმის კომფორტულ დასვენებასა და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას შორის. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით როგორც უცხოელი ტურისტების შემოსვლას, ასევე ადგილობრივად იმ პრინციპებსა და კრიტერიუმებს, რომელიც ტურიზმის სექტორმა უნდა დაიცვას“, – განცხადა ნინო წილოსანმა.

მისი მოსაზრებით, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება პრინციპი „აღმოაჩინე ის, რაც შენია“. „ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ბაზა გარემოს, ბუნების და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის სახით, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაცვა, მოვლა და განვითარება. მილიარდნახევარი ლარი ჩავდეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იმისათვის, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტისთვის ყოფილიყო კომფორტული თითოეულ ადგილზე მისვლა. ჩვენ განვავითარეთ დაცული ტერიტორიები. ბოლო 2 წლის მანძილზე 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო იმისთვის, რომ სათანადო ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო. ჩვენ განვავითარეთ მცირე და საშუალო მეწარმეები – ღვინის სექტორში მცირე მარნები, სადაც ძალიან საინტერესო ტურებს სთავაზობენ დამსვენებლებს. ჩვენ შევქმენით ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ სასტუმრობის განვითარებულიყო ისეთ უნიკალურ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ იყო ეს მიმართულება შეღწეული. მნიშვნელოვანია, არ შევაჩეროთ ეს პროგრესი. აბასთუმნისა თუ წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, ბახმარო იქნება თუ გომის მთა, ამ პროექტებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. მნიშვნელოვანი საქმეები, ხშირ შემთხვევაში, მომენტალურ შედეგს არ გვაძლევს და იმან, რაც წლების მანძილზე გვიკეთებია, შედეგი გამოიღო საქართველოსთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში“.

ირაკლი მეზურნიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება“ – „ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ცვლილებები, მოგეხსენებათ, რომ დადგენილი სასესხო ლიმიტი 150 000-დან 50 000 ლარამდე შემცირდება და ასევე თანადაფინანსების თვეები 24-დან 36-მდე გაიზრდება. პროგრამის ბიუჯეტი 300 მლნ-ზე მეტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა არის ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი პროგრამა გაერთიანდა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, რასაც ქვია სუბსიდირება სესხის უზრუნველყოფის ნაწილში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წაადგება ქვეყანას. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება კორონავირუსის მეორე ტალღა, ჩვენ შევძლებთ, რომ წლის ბოლომდე დავიბრუნოთ სტატუს კვო და 2021-23 წლებში, როდესაც იქნება უკვე დამუშავებული და სულ მალე გვექნება პოსტ კრიზისული გეგმა, რომელზეც მუშაობენ არა მარტო ქართველი, ასევე მსოფლიო დონის ეკონომისტები სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან და ამას სულ მალე წარვადგენთ“.

ადა მარშანია – ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ – „ძალიან გვიხარია ყველას და მივესალმებით, ბატონ ზაზა გაბუნიას მინდა გამოვეხმაურო, იმ მართლაც და ისტორიული მშენებლობის სამუშაოებს, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარეობს. როდესაც იქ ვხვდები ვაკვირდები ხოლმე და მიხარია, ძალიან სწრაფად მუშაობენ და უკვე შთამბეჭდავი ცვლილებებია. მაგრამ, ნამდვილად დამეთანხმებით, რომ ჩვენი სამშობლო ქვეყანა მხოლოდ ტერიტორიად არ უნდა ვაქციოთ, სადაც კომფორტულად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეიძლება გადაადგილება. ამ მშენებლობების ირგვლივ ჩვენ ჩვენი ტერიტორია და მიწა-წყალი გვაქვს და უნდა დავაკვირდეთ და მკაცრად ვაკონტროლოთ სამუშაოები, როგორ აწარმოებენ და როგორ უფრთხილდებიან ისტორიულ ნაგებობებს“.

ლევან გოგიჩაიშვილი – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ – „გიორგი ქობულია იყო იმ გუნდის წევრი, რომლისთვისაც პირადად თქვენ გაქვთ მხარი დაჭერილი იმისათვის, რომ ის გამხდარიყო ეკონომიკის მინისტრი. გუშინდელი განცხადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ, ჯერ კომიტეტებს გთავაზობთ, მივმართოთ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს და ვთხოვოთ გაერთიანებულ ფორმატში ისაუბროს იმ პრობლემებზე, რასაც ეს ადამიანი წააწყდა, როცა ის იყო ეკონომიკის მინისტრი. ვინ უშლიდა ხელს, როგორ უშლიდა, რა პროექტების გაკეთების შესაძლებლობა იყო ამ ქვეყნისთვის, რა პროექტები არ გაკეთდა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დარბიან პარლამენტში“.

დიმიტრი ხუნდაძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – „ამ დრომდე ჩვენ კრიზისი სწორად ვმართეთ. გვაქვს დაინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში. დაფიქსირებულია გარდაცვალების მხოლოდ 1, 6 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე სხვაგან, როცა საერთო მაჩვენებელი გარდაცვალების არის 7 პროცენტამდე და ზოგ ევროპულ ქვეყანაში ის 13-14-15 პროცენტსაც კი აღწევს. გამოჯანმრთელებული 87 პროცენტი, როცა გამოჯანმრთელების საერთო მაჩვენებელი მსოფლიოში 43 პროცენტს არ სცილდება. ეს შედეგი კარგია, მაგრამ მსოფლიო და ჩვენც, ვრჩებით პანდემიის რეჟიმში და უნდა ვიყოთ ფრთხილად. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ გუშინ რეგულაცია, რომ შესრულდეს ეს აუცილებელი პირობა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კონკრეტულად მიუთითებს, რომ პირბადე არის მთავარი იარაღი, რომ ეპიდემია რ გავრცელდეს, მაგრამ იყო სპეკულაციები, თითქოს ავტორები არ ითვალისწინებენ იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალი შემოსავლისაა და ეს საჯარიმო სანქციები არის მათთვის ძვირი. მინდა შევახსენო მათ, რომ სიცოცხლის დანაკარგი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე 20 ლარი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა, მაგრამ, რაც შეეხება იმას, თუ ვინმეს ამის საშუალებაც არ აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მოწყვლად ჯგუფებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ამ მნიშვნელოვან ინსტრუმენტთან“.

ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – „ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, და ჩვენი საზოგადება ამას ძალიან კარგად ხვდება, რომ პანდემიასთან ბრძოლა არაა დასრულებული, გადავედით კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე და ჩვენ გვიწევს ყოველ ჯერზე ადაპტირება ამ ვირუსთან ბრძოლაში. ეს არის გამოწვევა ეს არის წამყვანი, ძლიერი სახელმწიფოების გამოწვევა და ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც იძულებული ვართ ყოველ ჯერზე მოვარგოთ რეგულაციები კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტრატეგიას. სწორედ ამას ემსახურება ის რეგულაციებიც, რომელიც არის წარმოდგენილი. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, პირიქით, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ვიზრუნოთ მთელმა ქართული ოცნების გუნდმა, ხელისუფლებამ, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ აქტივობას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიზნესის წარმოებას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს ხედვას და შედეგებიც იქნება სახეზე“.

ბექა ნაცვლიშვილი – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ – „ვირუსის შეკავების თვალსაზრისით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ცალსახად შექებას იმსახურებს, მაგრამ მხოლოდ ვირუსის მსხვერპლი არ ხდება ადამიანი ამ ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ეს ადამიანები გაუმართავი სისტემის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. მინდა მივმართო შრომის ინსპექციას, რომ ნუ მოადუნებს ყურადღებას და ამ პერიოდში, როდესაც შრომის ინსპექცია სხვა ნორმების შესრულებაზეა კონცენტრირებული, განახორციელოს შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი. თუ საჭიროა ჩვენ მხარს დავუჭერთ სანქციების გაზრდის მექანიზმსაც, როგორც ჩანს სანქციების სიმცირე არ არის შემაკავებელი ფაქტორი“.

ალექსანდრე ერქვანია – დამოუკიდებელი დეპუტატი – „მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო დღეებს, რომლებიც გამოვიარეთ პანდემიის პერიოდში. როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლამ მიიღო ეკლესიის დევნის ხასიათი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, თვითმარქვია თეოლოგები, ე.წ. ექსპერტები და სპეციალისტები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, ეკლესია და ზიარება წარმოეჩინათ ვირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ და მოითხოვდნენ ზიარების წესის შეცვლას, საბოლოოდ, წირვა-ლოცვების შეჩერებას. მას შემდეგ, რაც თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს, ვნების შვიდეულში ქვეყანაში სრული ისტერია მოაწყვეს, სასულიერო პირებს და მრევლს მკვლელები უწოდეს, პატრიარქსა და წმინდა სინოდს კი ერის გაწირვაში დასდეს ბრალი“.

რატი იონათამიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – „სტრასბურგის სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმისთვის, რომ ყველაზე სწორად და ზუსტად აფასებს ერთი მხრივ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და მეორე მხრივ, თუ რამდენად არის შესაძლებელი ეროვნულ სასამართლოებში იპოვო მოქალაქემ სამართალი. ეს სკამები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ეკუთვნის, მაშინაც, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანგარიშის მოსმენა კომიტეტების სხდომაზე გაიმართა და ახლაც ცარიელია. ეს ნამდვილად არ მიკვირს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში საქართველოდან საქმეების გადინება 80%-ით არის შემცირებული. მონაცემების მიხედვით, 2009 წელს სტრასბურგში გაგზავნილი იყო 20122 საქმე, ხოლო 20016 წლის მაგალითით კი, მხოლოდ 74 საქმე. ეს მასშტაბები და ეს ცვლილებები, ყველაზე კარგად ასახავს იმ რეალობას, რა იყო და რა არის. ჩვენთვის ესეც არ არის საკმარისი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი ბერკეტები და გარანტიები შევქმნათ“.

ემზარ კვიციანი – ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ – „მოვითხოვ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები შევიდეს და არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. ეს არ არის ჩემი ახირება. ეს არის მოთხოვნა მოსახლეობის, რომ არ გაყალბდეს არჩევნები ან რისკი გაყალბების იყოს შედარებით ნაკლები. კანონპროექტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის, რომელიც მე რომ შემოვიტანე, ცვლილებაზე ძალიან გთხოვთ გამოიტანოთ და საერთოდ ერთთვიანი ვადა გავაუქმოთ, თუ გვინდა რომ ოდნავ მაინც აღდგეს ამ ქვეყანაში სამართალი და ხუთი წლიანი ხანდაზმულობა გავზარდოთ 20 წლამდე მაინც. ხვალიდან, ბოიკოტს ვაცხადებ, პარლამენტში აღარ გამოვალ და მივდივარ მოსათხოვნად იმ ადამიანების წინ, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, ისე, როგორც ზეწოლით ოქრუაშვილი გამოაშვებინეს, ორი დამნაშავე გამოაშვებინეს ზეწოლით. ამიტომ, მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება“.

გიორგი ვოლსკი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – „მე და ჩემი ბევრი კოლეგა ვართ ქრისტიანული, მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და რასაკვირველია, სამარცხვინო, უკიდურესად დამაზიანებლად ვაფასებთ იმას, რასაც ეკლესიაზე და პატრიარქზე შეტევა ჰქვია. განა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი განწყობაა ასეთი, როგორც მორწმუნეების, არამედ პრაგმატულადაც რომ შევაფასოთ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტის, ეკლესიის შერყევაზე არის ორიენტირებული. არანაკლებ დამაზიანებელია ის, რომ სახელმწიფოს სტრუქტურები, მთავრობა არასწორად, უსაფუძვლოდ დაუპირისპირო ეკლესიას, თითქოსდა, ხელისუფლებას გაკეთებული აქვს რამე ისეთი, რომელიც მიუღებელია არა მარტო ქრისტიანული მრევლისთვის, არამედ უამრავი სხვა კონფესიისთვის, რომლებიც პატივს სცემენ მთავარ რელიგიურ ორგანიზაციას“.

განცხადებების შემდეგ, პლენარული სხდომა დღის წესრიგის საკითხებით გაგრძელდა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ კოლეგებს, პირველი მოსმენით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები გააცნო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კი, პარლამენტის დადგენილების პროექტები წარმოადგინა, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას შეეხებოდა. ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლისთვის პარლამენტის ასიგნება 2020 წლის მსგავსად – 53 696 ათასი ლარი იქნება. კომიტეტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს პარლამენტის დაფინანსება 4 მლნ. ლარით მცირდება. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა და იმ დეპუტატებს, რომლებმაც საკუთარი ხელფასის ნაწილი სპეციალურ ფონდში მიმართეს, მადლობა გადაუხადა.

„საუბარია სამი თვის ხელფასზე. ყოველი თვის მესამედი იყო გადარიცხული, კოლეგებო, თქვენი მხრიდან, რისთვისაც მადლობას გიხდით. გარდა ამისა, როგორც ირაკლი კოვზანაძემ მოგვახსენა, წლევანდელი, ანუ 2020 წლის პარლამენტის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი მოხვდება უკვე ანტიკრიზისულ ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას. ეს გახდა შესაძლებელი სწორედ ხაზინადართა საბჭოს მუშაობისა და ჩვენი პარლამენტის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების დამსახურებით, სადაც ჩვენ შევძელით ამ ხარჯების შემცირება, ეკონომია. შესაბამისად, ამ თანხის მობილიზება ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებებისთვის. რასაკვირველია, შემოსულ პროექტთან ერთად მოხდება განხილვა ამ ცვლილების და მე იმედი მაქვს, რომ საერთო ჯამში უკვე ანტიკრიზისულ ბიუჯეტს ექნება თქვენი მხარდაჭერა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0