ამ გამოფენის იდეა ჩაისახა 2015 წლის აპრილში

01/09/2016

თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა, სადაც ბელარუსის 150 მსხვილი კომპანიის პროდუქციასთან ერთად, ქართულ-ბელარუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს ქართველი და ბელარუსი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებას და სავაჭრო და ტურისტული საქმიანობის გაღრმავებას. გიორგი კვირიკაშვილმა ორივე ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად, 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდა დაასახელა.
“ამ გამოფენის იდეა ჩაისახა 2015 წლის აპრილში, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას და ახალი იდეების დაბადებას ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს შორის. ასევე მისასალმებელია, რომ ამ გამოფენის პარალელურად ჩატარდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი, დადებითი დინამიკა ბევრი მიმართულებით, ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ. დავისახეთ ამოცანა, რომ 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობა უნდა გავზარდოთ 200 მილიონ დოლარამდე და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მანქანებისა და ტრაქტორების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირებას და დაგეგმილია მსგავსი საწარმოების შექმნა სხვა მიმართულებითაც.
„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ მიხაილ რუსისთან, თუ როგორ უნდა გავაფართოოთ ეს წარმოება სხვა სახეობების მიმართულებით და ასევე სერვისის მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან წარმატებული ტექნოპარკი, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა – სტარტაპის დამწყები ბიზნესის დაფინანსების მოდელი დიდწილად ნაკარნახევია იმ ძალიან წარმატებული გამოცდილებით, რომელიც ბელარუსის ტექნოპარკს გააჩნია. აღნიშნული ტექნოპარკი მოვინახულეთ ჩვენი ვიზიტის დროს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენისთვის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები იაქტიურებენ და დაამყარებენ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს კონტაქტს. მინდა, ასევე მივესალმო საქართველოს საელჩოს მხრიდან მინსკში ჩატარებულ თბილისობის ღონისძიებას, რომელსაც ათიათასობით ადამიანი დაესწრო ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან.,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში გამართული ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენის მნიშვნელობა ასევე შეაფასა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ. მისი თქმით, გამოფენა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებას.
„ყველა ამოცანა, რაც ჩვენს წინაშე დგას, აუცილებლად შესრულდება. ბელარუსის და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები თანხვედრაშია და ავსებს ერთმანეთს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სახით ვხედავთ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდით გვიდგას და მხარს გვიჭერს,“ – აღნიშნა მიხაილ რუსიმ სიტყვით გამოსვლისას.

ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს შორისაა საქართველო-ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები. გამოფენა მოიცავს ბელარუსული პროდუქციისა და მომსახურების ფართო სპექტრს: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0