„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო პარლამენტმა რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი სხდომაზე განსახილველად პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გამოიტანა. პროექტით ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა (დაზუსტებულია ჯარიმასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები). ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამნისტია უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. გარდა ამისა კანონში ასევე გათვალისწინებულია რიგი შესაბამისი რეგულაციებიც. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის კანონებში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“. კანონპროექტის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა უპასუკა კოლეგების შეკითხვებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით გამოსვლისას, ანრი ოხანაშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, ჰუმანური აქტი, რითაც მსჯავრდებულებს კიდევ ერთხელ ეძლევათ საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა უსაფუძვლოდ გავრცელებულ საკითხზე, რომ თითქოსდა ამნისტია შეიძლება ინდივიდუალურ პირებზე გავრცელდეს, რის საპასუხოდაც მან განმარტა, რომ „ამნისტიას პარლამენტი გამოსცემს ინდივილუალურად განუსაზღვრელად პირთა მიმართ, აქ სწორება ხდება კონკრეტულად მუხლებზე, სადაც გათვალისწინებულია არის თუ არა ის მუხლები მომეტებულად საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი“. პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ წარმოადგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს ბაღების ავტორიზაციის პერიოდის, ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრისა, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას. მომხსენებელმა განმარტა რომ ავტორიზაცია ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის, სწავლა-აღზრდის, კვებისა და ჰიგიენის, ადამიანური რესურსების მიმართულებით სტანდარტების დაცვას. იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში შეუძლებელია ამ პროცესების მიმდინარეობაზე დაკვირვება, დადგა ავტორიზაციის ერთი წლით გადავადების საჭიროება. საქართველოს კანონის პროექტი „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განმარტებით, „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლებიც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ კანონქვემდებარე აქტების მიღება-გამოცემის ვალდებულებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმილი ჰქონდა სამუშაო შეხვედრები იმ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც აღნიშნული კანონის მოქმედება უშუალოდ შეეხება, მათი საქმიანობიდან გამომდინარე. შეხვედრები ითვალისწინებდა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მისაღებ რეგულაციებთან დაკავშირებით, თუმცა კოვიდ-19 პანდემიისა და შესაბამისი შეზღუდვებიდან გამომდინარე აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საჭირო გახდა გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელება.
გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელება საშუალებას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები უკეთ გააცნონ იმ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც კანონის ამოქმედება უშუალოდ შეეხება. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა წარმოადგინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალი პერიოდის ვადის გახანგრძლივებას. კერძოდ, გარდამავალი პერიოდი ჩაითვალოს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, რა დროშიც პარლამენტს განსახილველად წარედგინება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი.
მომხსენებლის თქმით, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მთავრობა პარლამენტში წარადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ფუნქციონირებისთვის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განსახილველად გამოიტანა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომლის მიხედვითაც, მისაღები აქტების შემუშავების და გამოცემის ვადად განისაზღვრება არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდი.
განსახილველ კანონპროექტებთან დაკავშირებით დეპუტატებმა კითხვები დასვეს, რაზეც მომხსენებლებმა დეტალურად და ამომწურავად უპასუხეს. პარლამენტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი განხილულ კანონპროექტებს. სხდომის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სახელით ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემაულეებს საზღვარგარეთ და ისურვა, რომ მომავალი წელი მშვიდობის, კეთილდღეობის და ჯანმრთელობის წელი ყოფილიყოს.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო პარლამენტმა
30/12/2020