„ბატონ ამირანს მოგეხსენებათ, დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაში არის 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი საუბარი გუშინ ნამდვილად გვქონდა. უახლოეს დღეებში ის შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს სამინისტროს და ქალბატონი თამარ გაბუნია იქნება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამ ეტაპზე, ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან წასვლა კავშირში არ არის პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან.
„ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს ამ თანამდებობას და ასპარეზს უთმობს უკვე სხვა ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მენეჯმენტს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.