აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე (RAW WINE) ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ პრეზენტაციაც გაიმართა.
ორდღიან გამოფენას, რომლის ორგანიზატორიც ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი), ათასობით ღვინის პროფესიონალი, მოყვარული, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს ახალი იმპორტიორებისა და პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „გოცას ღვინოები“, „მეღვინეობა ნიკა“, „ხოხბის ცრემლები“, „ჩვენი ღვინო“, “ორგო“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინო“
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენე კიკნაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გზარდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და გეგმავს მომავალშიც.
„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ტარდება მრავალი მარკეტინგული აქტივობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 6 ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია. ქართულ სტენდს უამრავი ღვინის პროფესიონალი და მოყვარული ესტუმრა, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ ახალი იმპორტიორები” – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენე კიკნაძემ.
ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურაში“ (My Odyssey through the World’s Most Ancient Wine Culture’) პრეზენტაციამ ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა.
მიმდინარე წლის ზაფხულში ჟურნალ New York Times -ში გამოქვეყნდა ფრაგმენტები აღნიშნული წიგნიდან. ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხის “ქარვისფერი” ღვინის შემქმნელი, რომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველის ისტორიით.
წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ალის ფეირინგმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
„მოველოდი, რომ ბევრი კითხვა ექნებოდათ აქაურებს და ასევე მოწვეულ სტუმრებს. მაგალითად იაპონელებს, რომლებიც აქ ღვინის კულტურის გასაცნობად ჩამოვიდნენ, თუმცა ყველაზე საინტერესო კითხვა იყო, თუ რას ვფიქრობდი ქართული ღვინის შესახებ. ქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა, მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეა, ქართველებს დიდი რწმენა აქვთ, უფლის რწმენა, ყურძნის რწმენა, ღვინის რწმენა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილია. ძალიან მესიამოვნა, რომ ეს კითხვა დამისვეს და მომეცა შესაძლებლობა მესაუბრა ქართულ ღვინოზე” – აღნიშნა ფეირინგმა., რომელიც საქართველოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე სტუმრობდა.