ალექსანდრე ჯეჯელავა ტექნიკურ უნივერსიტეტში

03/08/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აგრძელებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გაცნობას. ამჯერად, მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და ფიზიკოსთა კორპუსში განთავსებული ფიზიკის ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სტუდენტებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად მოაწყვეს და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიად ითვლება ევროპაში. იგი აღიარებულია მასაჩუსეტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მიერ და ლაბორატორია მოსწონს და წარმატებით იყენებს CERN-ი. ფიზიკის ლაბორატორიის ხშირი სტუმრები არიან ფიზიკით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებიც.

ალექსანდრე ჯეჯელავა იმ სამუშაოებსაც გაეცნო, რომელსაც უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ატარებენ. მინისტრი ასევე გაეცნო უნიკალურ ვირტუალურ ლაბორატორიას, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა შექმნეს. ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავა იმ ქართველ მეცნიერებს შეხვდა, რომლებიც ჩართულნი არიან ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნი), KEK-ისა (იაპონია) და CERN-ის (შვეიცარია) ერთობლივ პროექტებში. ქართველი ფიზიკოსები წარმატებულად მოღვაწეობენ აღნიშნულ კვლევით ლაბორატორიებში, მათთვის გახსნილია გზა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო პროექტებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0