სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთის სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილი” დაათვალიერა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში, პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში გაიხსნა და საექსპორტო სპორტულ სამოსს აწარმოებს. ამჟამად, ფაბრიკაში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 900-მდე მოქალაქეა დასაქმებული. როგორც საწარმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, სულ 3000-მდე ადამიანის დასაქმება შეუძლიათ, რომლებიც, თავდაპირველად, სპეციალურ კურსებს თურქი სპეციალისტების დახმარებით გაივლიან. დასაქმებულების ტრანსპორტირებას ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
სამკერვალო ფაბრიკა დღეში 20 ათასამდე ერთეულ სპორტულ სამოსს აწარმოებს. პროდუქცია საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით იკერება და მისი რეალიზაცია ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის ბაზარზე ხდება.
ფაბრიკაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 25 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებს სწორედ “აჭარა ტექსტილის” მიერ შეკერილი ფორმა აცვია, წარწერით “Made in Georgia”.
ალექსანდრე მოწერელია ფოთის სამკერვალო ფაბრიკას ეწვია
21/12/2018