სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების, “თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, “თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებისაგან შექმნილი ჯგუფების მუშაობა სოფლებში “კარდაკარ“ სიარულის პრინციპით დაიწყო. გუბერნატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს, კოკსა და ორსანტიას ესტუმრა და სპეციალისტებთან ერთად ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ კონსულტაცია გაუწია. თხილის ბაღებში კულტურის მოვლის შესახებ თეორიული ნაწილის განხილვასთან ერთად, ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობას მცენარის გასხვლის პრაქტიკული მეთოდებიც გააცნო.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი შენგელია, სოფლების რწმუნებულები და საკრებულოს წევრები. კონსულტაციები თხილის კულტურის განვითარებასა და მოსავლიანობის გადარჩენის აუცილებლობაზე სოფლების ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა, სადაც დარგის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, 2019 წლის მოსავლის ზარალის შემცირებისა და თხილის წარმოების გაუმჯობესების შესახებ განკარგულება გამოსცა.
დღეიდან, თხილის მავნებლებთან ბრძოლის ფარგლებში რეგიონის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. კამპანიას მხარს უჭერენ ისეთი მსხვილი კომპანიებიც, როგორიცაა “ფერერო“ და “ოლორი“.
ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის“ პრინციპით დაიწყო
13/11/2018