თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები თბილისის მერიისგან კომპანიასთან ,,სითი პარკი’’ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტას და დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში ასახვას მოითხოვენ.
დეპუტატებმა ბრიფინგზე კომპანიის მიერ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ჩარიცხული თანხის რაოდენობაზე დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინეს.
როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ „სითი პარკი’’ საჯარიმო სანქციებით 62 მილიონი ლარის ამოღება განახორციელა, საიდანაც თბილისის მერიას 18 მილიონი გადაერიცხა, ხოლო თითქმის 44 მილიონი ლარი კომპანიის ანგარიშზე დარჩა.
ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი და პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის თეთრიც არ დაუხარჯავს.
,,მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით’’,-განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, რომელიც კომპანიას მერიასთან 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონ ლარის ამოიღება მოხდება.
დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარკირება უნდა იყოს მუნიციპალური სერვისი, მას ერთი წლის მანძილზე მერია უნდა მართავდეს, რაც დედაქალქის ბიუჯეტს ბევრად მეტი თანხის მობილიზების საშუალებას მისცემს.
,,შემოსული თანხა კი თბილისის პარკირების ინფრასტუქტურის შექმნას უნდა მოხმარდეს’’-მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი და ამასთან, იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ინიციატივას საზოგადოება და სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან.
ალექსანდრე ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
10/11/2016