აკაკი მაჭუტაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა

14/11/2017

სამცხე-ჯავახეთის მხარეს საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი სტუმრობდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, სტუმარს მხარეში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რეგიონის საკურორტო-ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. მხარეებმა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ელჩი ქალაქ ბორჯომსაც ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა ელჩს მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების, ასევე ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს უკრაინის ქალაქ პოლტავასთან. ეს ორი ქალაქი დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2011 წლის 10 მაისიდან ატარებენ, რაც ელჩის თქმით, მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. სტუმარი, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინული დიასპორითაც დაინტერესდა. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში იგი შეხვდება უკრაინულ დიასპორას დაბა ბაკურიანში და მოინახულებს და პატივს მიაგებს აქ გარდაცვლილი უკრაინელების საფლავებს. შეხვედრის დასასრულს მხარეები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და აქტიურ თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0