ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი დაიწყო.
პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ტარდება და მასში მონაწილეობას ქართველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.
აკადემიაში სასწავლო კურსი „ფისკალური ანალიზი და პროგნოზირება“ 11 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი ექსპერტები: მარტინ შინდლერი – ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მაქსიმ ივანინა – ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ეკონომისტი და ხუან-ხოსე ფერნადეს ანსოლა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი გაუძღვებიან.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, მონაწილე ქვეყნების მაგალითებს. მოხდება არსებული პრობლემების განხილვა და ანალიზი.
სემინარში მონაწილეობენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები.
IMF-ის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორების გაზიარება.
აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი დაიწყო
11/04/2016