აზომვითი ნახაზის მომზადების ახალი წესი 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება

25/08/2016

2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან საჯარო რეესტრი მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს. დადგინდა აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის სტანდარტული ფორმა და სავალდებულო ტექნიკური სპეციფიკაციები, რომელთა შესაბამისად უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი.

იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის 1-ლ სექტემბრამდე, ვინაიდან ამ თარიღის შემდეგ ძველი წესით შესრულებული ნახაზით რეგისტრაცია აღარ განხორციელდება.

მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი – ამზომველი.

ახალი სტანდარტები უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს მიწის ნაკვეთი ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკს. კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა მოთხოვნადი გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0