აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე დაგეგმილია წერტილოვანი წამლობები

29/03/2023

სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ეფექტიანად გეგმავს. მავნებლის საპრევენციო ღონისძიებები ეტაპობრივად და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება.
მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე სხვა აქტუალური საკითხები, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა- ლაშა შალამბერიძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან- პაპუნა მარგველიძესთან და რწმუნებულის პირველ მოადგილესთან -ქრისტინა კობახიძესთან ერთად განიხილა. შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, აღნიშნული რეგიონების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინებული მუშაობა. პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, რაჭის რეგიონში მავნებლის გავრცელების არეალისა და მასშტაბის დადგენის მიზნით, მავნებლის მოსაზიდი ხაფანგები, „მოიზიდე და გაანადგურე“-ს სადგურები განთავსდება. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე დაგეგმილია წერტილოვანი წამლობები, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კი უკვე თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავება და ცივი შესხურებით წამლობა განხორციელდება.

„სახელმწიფოსთან ერთად უმნიშვნელოვანესია, მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა – ფერმერებმა საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთები აგრო-სქემების მიხედვით უნდა დაამუაშაონ, რაც მავნებლის რიცხოვნობას მინიმუმადე შეამცირებს, რითაც ისინი სასოფლო კულტურებიდან ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღებას შესძლებენ-აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში მეფუტკრეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და სურსათის ეროვნული სააგენტო, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს მიმდინარე წელსაც მეფუტკრე-ფერმერთა ინტერესებისა და ფუტკრის უსაფრთხოების გათვალისწინებით განახორციელებს. ამ მიმართულებითაც მართვის ცენტრის სპეციალისტები მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აღნიშნულ რეგიონებში, მეფუტკრეობის დარგში ცოდნის ამაღლების მიზნით, არსებულ გამოწვევებსა და ფუტკრის თანამედროვე სტანდარტებით დაცვის შესახებ, მეფუტკრე-ფერმერებთან ტრენინგ-სემინარებია დაგეგმილი.
შეხვედრაზე აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, წინა წლებში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ გააცნო და მავნებლის საპრევენციო ღონისძიებების მიმართულებებით მიღწეულ შედეგებზე ვიდეო-რგოლიც წარუდგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0