აზერბაიჯანულ მხარესთან ქართულმა დელეგაციამ განიხილა ძალიან ბევრი მიმართულება

15/04/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე აზერბაიჯანის მთავრობის, მათ შორის ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამინისტროების შესაბამის ხელმძღვანელებთან და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებთან.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან ქართულმა დელეგაციამ განიხილა ძალიან ბევრი მიმართულება, სადაც აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ისტორიულ კავშირებს, ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, აზერბაიჯანისთვისაც, რომ საქართველოს მეშვეობით ევროპის დიდ ბაზარზე ჰქონდეს წვდომა.
🇦🇿 ვიცე-პრემიერის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის არის სტრატეგიული და ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, რომელთან ერთადაც ბევრ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ორმხრივი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე. ბაქოში გამართულ შეხვედრებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0