ადიგენში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

08/03/2017

დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადიგენში მცხოვრები 100 წელს მიღწეული ქალბატონები პირადად მოინახულა, 8 მარტის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრებიც გადასცა. მოქალაქეებმა კი ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი. 1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ-ინტერნაციონალმა ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით, დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0