„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა იქნება და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან რაჟდენ კუპრაშვილთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დავით ასათიანთან და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ირაკლი ყანდაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, კომიტეტის წევრებმა სტუმრებს გააცნეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პრიორიტეტები, ასევე მოისმინეს გამოწვევები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რა პროცესებშიც უშუალოდ ჩართული არიან ადვოკატები, ადვოკატის პროფესიის წარმომადგენლები და მედიატორთა ასოციაცია.
„ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ჩვენ დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივები მოვისმინეთ, გავცვალეთ პოზიციები და ახლო მომავალში გვექნება შემდგომი შეხვედრა, რათა დავიწყოთ იმ კონკრეტული გეგმების განხორციელება, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. მჯერა, რომ ადვოკატთა კორპუსთან საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, კომიტეტის წევრები – გიორგი ამილახვარი და ალუდა ღუდუშაური.