მთავრობის ადმინისტრაციაში, გურიის რეგიონში 8 სექტემბერს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა სტიქიის გამო დაზარალებულებს დახმარება უმოკლეს ვადებში გაეწიოთ.
“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე, დავეხმარებით ყველა იმ ოჯახს, რომლებიც სტიქიამ დააზარალა,” – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.