დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რანდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც აღინიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ამჯერად, პეკინის გამზირზე ამოქმედდება. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო პავილიონები განთავსდება. კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, პრიორიტეტი სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს.
„იცით, რომ დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი ვაგონების შემოყვანა და თავად მეტროსადგურების განახლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ამ მიმართულებით, საპილოტე პროექტები უკვე განხორციელებული გვაქვს კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პარკირების სისტემა დაინერგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი საბურთალოს რაიონი იქნება, სადაც 10 აგვისტოდან ათი საინფორმაციო ჯიხური განთავსდება, იმისთვის, რომ მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.
„ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში. უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომობილები და კონკრეტული საპარკინგე ადგილებით უფასოდ ისარგებლონ. პარკინგი ასევე, უფასო იქნება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, პარკინგი ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობის ინფორმირებისა და სხვა შესაბამისი პროცედურების ეტაპობრივი გავლა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.
„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ საზოგადოებასთან რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იქონიონ. 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კი 10 სექტემბრიდან ამოქმედდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა; სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ჯარიმებიც იწერება, ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმას იხდიან და გარემოს დაბინძურებას განაგრძობენ. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერიის მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა და ჯარიმების ოდენობა გაიზარდა.
„ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. დაწყებული გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ კმარა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები. სამედიცინო ნარჩენი ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა, ინერტული მასალები კი, როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, ასევე, ვიზუალური თვალსაზრისით, დიდ პრობლემას წარმოადგენს. როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექი, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად დავიწყეთ – გამოიწერა ბევრი ჯარიმა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები ჯარიმას უპრობლემოდ იხდიდნენ და ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა უბანში გრძელდებოდა. შესაბამისად, შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ. მოხდა მთელი რიგი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ და ჯარიმები გაიზარდა. სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების აღსრულებას ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები ყოველდღე ჯარიმდებოდნენ, ეს მათთვის წინაღობას არ წარმოადგენდა, რადგან დაბალი იყო ჯარიმების ოდენობა. რაც შეეხება სანქციების ოდენობას, სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება – 5 000 ლარით, იურიდიული პირი 1 000 ლარის ნაცვლად – 10 000 ლარით, ხოლო სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარის ნაცვლად – 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი – 1 500 ლარის ნაცვლად, 15 000 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება აღსრულებას, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამას ყოველდღიურ რეჟიმში დიდ ყურადღებას მიაქცევენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობას გამოვასწოროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყურადღება კულტურის სფეროს განვითარებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის. მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.
„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდეთ. ერთ-ერთი მიმართულება კულტურის სფეროა, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება იმისთვის, რომ აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რათა ეს რთული პერიოდი, პანდემია და COVID-19 მაქვს მხედველობაში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაიარონ. შესაბამისად, ვიწყებთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას და დახმარებას, დაფინანსებას, იმისთვის, რომ დედაქალაქში კულტურის სფეროს განვითარებას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა.
„არსებობს რესტორნები და კლუბები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩვენ, მუნიციპალიტეტს ქალაქის სხვადასხვა ადგილზე სხვასდასხვა ტერიტორია გაგვაჩნია. ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა, ან უბრალოდ ფართი. მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები არსებობს, გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განავითაროთ. შეიძლება ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შეიძლება უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და თქვენი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი – „თბილისის ცის ქვეშ“ წელსაც განხორციელდება.
„დავიწყებთ პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ განხორციელებას, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს პროგრამა გამოიყენონ და საზოგადოებას სხვადასხა სახის კონცერტი წარუდგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, დაფინანსების მზაობა დაადასტუროს. მთავრობის სხდომაზე ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გამახვილდა. კერძოდ, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების განახლებული პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკის) გუშინ საზეიმოდ გაიხსნა.
„გუშინ ე.წ. კიკვიძის რეაბილიტირებული პარკი გავხსენით, რომელიც ულამაზესი გამოვიდა. ემოციებს ვერ ვმალავ, იმდენად შთამბეჭდავი იყო გუშინდელი ღონისძიება და ის სამუშაოები, რაც ჩატარდა. დაახლოებით, 8 ჰექტარამდე ტერიტორია მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე, სადაც დაისვენებენ. ბავშვებისთვის არის რამდენიმე ატრაქციონი განთავსებული, არის სატრენაჟორო სივრცე, ამფითეატრი, შადრევნები. მთლიანად განახლდა ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა. გაკეთდა ყველაფერი, რაც კი თანამედროვე პარკში განიხილება – საფეხბურთო, საკალათბურთო, ჩოგბურთის, ფრენბურთის მოედნები. ასევე, შეიცვალა განათების სისტემა. დარჩა მხოლოდ სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები, რადგან პანდემიისა და ფრენების შეწყვეტის გამო, სპეციალისტების ჩამოყვანა ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ პროექტებით არ შემოვიფარგლებით. ყველა რაიონში ანალოგიური სივრცის მოწყობას და არსებული საქალაქო პარკების განახლებას ვაპირებთ. ქალაქი იქნება რეკრეაციული სივრცეებით სავსე, სადაც ყველა ადამიანს ნორმალურ და მწვანე სივრცეში დასვენების შესაძლებლობა ექნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.