ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება

12/11/2021

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ცვლილებების მიხედვით, საკრებულოებში ერთი პარტიული სიით გასული დეპუტატები მხოლოდ ერთ ფრაქციის შექმნას შეძლებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული მიდგომა პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესის ანალოგია და ცვლილებებით იგივე მოცემულობა საკრებულოებზეც გავრცელდება.
კანონპროექტით ასევე იცვლება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა, რომლის მიხედვითაც, ფრაქციის თავმჯდომარეს საშუალება ექნება ფრაქციის ყოველი მეხუთე წევრის არსებობის შემთხვევაში დამატებითი მოადგილე ჰყავდეს. რაც შეეხება სამკაციან ფრაქციას, ამ შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარეს მხოლოდ ერთი მოადგილე ეყოლება. სხდომაზე კანონპროექტზე საუბრისას, სოზარ სუბარმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის განსაზღვრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი რედაქციით სხვადასხვა თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენება მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის შეფასებით, თვითმართველობების გაძლიერებაში იმდენად მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რომ მიუხედავად იმისა რომ მისი პოლიტიკური ჯგუფი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, ისინი მზად არიან კანონპროექტის განხილვაში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ.
„პლენარულ სხდომაზე მზად ვართ ვიმსჯელოთ კანონის მუხლებში შესატან ცვლილებებზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა კანონპროექტის განხილვის დასასრულს. კომიტეტის წევრებმა ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0