ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკ-ის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

30/07/2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში და ფინანსურ ანგარიშგებებზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა მოისმინეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და შედეგების შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და ჰარმონიზაციაზე ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან. მომხსენებელმა მიმოიხილა გასული წლის განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში გამოკვეთილი ტენდენციები, ასევე ისაუბრა ფასწარმოქმნასა და სატარიფო რეგულირებაზე. დავით ნარმანიას განცხადებით, 2020 წელს COVID-19-ის გავრცელების მასშტაბებისა და გლობალური პანდემიის ფონზე, მარტი-მაისისა და ნოემბერ-დეკემბრის პერიოდებში ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა შემოეღო შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკასა და, მათ შორის, კომისიის მიერ რეგულირებულ სფეროებზე იყო ნეგატიური.

„აღნიშნული შეზღუდვები შესაბამისად აისახა ელექტროენერგეტიკის ზოგად მაჩვენებლებზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე. დღესვე კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიში. საზოგადოებრივი დამცველის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ენერგოომბუდსმენის სამსახურის ეფექტურად მუშაობის მიზნით, შეიქმნა რეგიონული წარმომადგენლობები ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. მისივე თქმით, 2020 წლის მანძილზე ონლაინ ფორმატში გადაინაცვლა კამპანიამ მომხმარებელთა უფლებების ცნობიერების ასამაღლებლად.

„საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე ოფიციალურად დარეგისტრირდა 567 განცხადება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს არ არის მომართვიანობის სრულყოფილი სურათი, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებების ძირითადი რაოდენობა მივიღეთ სოციალური ქსელებისა და სატელეფონო კომუნიკაციების საშუალებით“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, მომხმარებლების განცხადებების შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა მრავალი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია უსაფუძვლო დარიცხვასთან, დაზიანებული სისტემის არსებობასთან, დაბალი წნევით სასმელი წყლის მიწოდებასთან, ქსელზე მიერთების დაგვიანებული სამუშაოების შესრულებასთან და სხვა. მისივე მოსაზრებით, რეგისტრირებული განცხადებების შინაარსი წარმოაჩენს მომხმარებლების პრობლემურ მიმართულებებს, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ მონიტორინგსა და ანალიზს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0