საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვდნენ. მხარეებმა, საქართველოს პარლამენტსა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მთავარ განსახილველ თემას სასამართლო და საარჩევნო რეფორმა წარმოადგენდა.
„საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, სადაც ODIHR-ს და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ვისაუბრეთ. შეხვედრისას ძირითადად ორ თემას განვიხილავდით: ეს არის სასამართლო რეფორმა – როგორც მოგეხსენებათ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოდირ-ის ჩართულობა ამ რეფორმის განხორციელების პროცესში. მეორე არის საარჩევნო საკითხები. ODIHR-მა უკვე შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები მუნიციპალური არჩევნებიდან გამომდინარე, რომლის პრეზენტაციასაც ახლო მომავალში გეგმავენ. ეს რეკომენდაციებიც იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დამატებით განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას და საარჩევნო პროცესს უკავშირდება. ODIHR-სა და საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს შორის თანამშრომლობა წარსულში იყო პროდუქტიული და გვსურს, მომავალში კიდევ უფრო მეტად პროდუქტიული გახდეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრაში ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები – ირაკლი ჩიქოვანი და ნინო იობაშვილი მონაწილეობდნენ.