ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რეგიონებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს

07/10/2019

საქართველოს პარლამენტში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი 10 პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა.

„ჩვენ საზოგადოებას მცირე ხნის წინ წარვუდგინეთ ათი მთავარი სამუშაო საკითხი, ათი გამოწვევა, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს საშემოდგომო სესიაზე. ერთ-ერთი ამ ათიდან იყო ბავშვის უფლებები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია პრიორიტეტულად და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით, პარლამენტს შეუძლია შექმნას უფრო უკეთესი საკანონმდებლო ჩარჩო და უფრო მეტ შედეგებს მიაღწიოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბავშვის უფლებათა კოდექსი არის მიღწევა საკანონმდებლო საქმიანობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, კოდექსი ქმნის თვისობრივად ახალ გარანტიებს ბავშვის მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

„თუ როგორ გარემოში იზრდებიან ბავშვები, როგორ განათლებას იღებენ ისინი, როგორ ვეხმარებით მათ განვითარებაში და როგორ ვიცავთ ბავშვებს სიღარიბისგან, ძალადობისგან, დისკრიმინაციისგან, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს იმას, თუ როგორი მოქალაქეები იქნებიან, როგორ სახელმწიფოს, როგორ საზოგადოებას ააშენებენ და შექმნიან ისინი მომავალში. ამიტომ, ეს საქმე არის გასაკეთებელი დღეს და ჩვენ დღეს ვაკეთებთ ამ საქმეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივას კოდექსის რეგიონებში, მოსახლეობის ჩართულობით განხილვის შესახებ. მისი თქმით, მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს, თუ რა სიახლეები შემოაქვს კოდექსს და რა არის ის პრაქტიკული ინსტრუმენტები და პროგრამები, რომელიც შეიძლება თვითმმართველობებმა დანერგონ ამ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
არჩილ თალაკვაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი აგრძელებს ათ მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საშემოდგომო სესიის განმავლობაში საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს და ღონისძიებებს, რომელსაც ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი გააკეთებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, საზოგადოებას ის პროგრამები და სერვისები წარუდგინა, რომელიც „ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში რეგიონებში განხორციელდება.

„დღევანდელი პრეზენტაციით ვიწყებთ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. ჩვენ ჩავალთ რეგიონებში და ადგილზე ვკითხავთ მოქალაქეებს, რომელ პროგრამებს ანიჭებენ უპირატესობას. მუნიციპალიტეტებში ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ბიუჯეტის და დონორული დახმარების თანხები რა მიმართულებით დაიხარჯება მათი შვილების უკეთესი დაცვისთვის,” – განაცხადა სოფო კილაძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი კოდექსს აფასებს, როგორც ძლიერ დოკუმენტს, რომელიც უამრავ პოზიტიურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრებაში.

„მინდა მოგილოცოთ ამ შესანიშნავი კოდექსის მიღება. ეს იყო ინკლუზიური, თანამონაწილეობითი პროცესი, რომლშიც სოფო კილაძესთან ერთად დიდი წვლილი აქვს პარლამენტის 2 სპიკერს შეტანილი. გაეროსა და გაეროს წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოში ყველა ბავშვის უფლებების დასაცავად კოდექსის შემუშავებას, რომელიც უდიდეს ზეგავლენას იქონიებს ბავშვთა ცხოვრებაზე,“ – განაცხადა ღასან ხალილმა.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

„ეს კოდექსი გადაიქცევა ბავშვთა უფლებების დასაცავ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად. იგი სრულად შეესაბამება ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციას და ეყრდნობა იმავე ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი. საქართველომ ფუნდამენტური არჩევანი გააკეთა, როდესაც გადაწყვიტა, რომ ინვესტირება მოახდინოს მომავალი თაობების სასარგებლოდ მათი განვითარებისათვის“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

რეგიონული ტურის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას იმ პროგრამებს გააცნობს, რომელიც კოდექსის ფარგლებში მომზადდება და რეგიონში განხორციელდება. რეგიონული ტური აჭარიდან დაიწყება და დასკვნითი შეხვედრა დედაქალაქში ჩატარდება.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1 ივნისს შევა. მანამდე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა არაერთი პროგრამა უნდა დანერგონ და განახორციელონ. კოდექსის დანერგვა- აღსრულებას ზედამხედველობას მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გაუწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0