ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სამოქმედო გეგმა საორიენტაციო ინფორმაციას შეიცავს, რა აქტივობებით იქნება დაკავებული კომიტეტი. „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ღონისძიებები, აკტივობები, პროექტები, რომელიც სამოქმედო გეგმით არაა გათვალისწინებული, არ იქნება ჩვენი ინტერესის საგანი. ეს წლის განმავლობაში გარკვეული ცვლილებების, ახლებურად დღის წესრიგის განსაზღვრის საჭიროებებს წარმოქმნის, თუმცა ძირითადი ხაზი სწორედ ამ დოკუმენტის მეშვეობით განისაზღვრება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა და გაუმჯობესება; სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზაციის ხელშეწყობა, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალთა უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, ბრალდებულის, მსჯავრდებულის და დაზარალებულის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების განხილვა, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება.