ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია

30/05/2016

ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ არის მიტანილი ადამიანებთან იმ სახით, როგორც ეს უნდა იყოს.

„ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ არის მიტანილი ადამიანებთან იმ სახით, როგორც ეს უნდა იყოს“, – განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილს, ნოდარ ხადური ყოფილი პრემიერის მიერ მოყვანილ მაჩვენებლებს დაეთანხმა.

„ეს არ არის ცოტა, ბევრია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე თუნდაც 4 წლის წინ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ არის საკმარისი. თქვენ ნახეთ ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ბატონმა ბიძინა მოიყვანა და ხედავთ, რომ გაზრდილია ინვესტიციების რაოდენობა. თუნდაც ის, რომ აპრილში 4,3 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა, აჩვენებს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. იმ რთულ რეგიონსა და გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ არათუ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ საკმაოდ კარგ მაჩვენებელს“, – განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, რა მანდატით მიიტანს ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობამდე ინფორმაციას, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს დამატებითი მანდატი არ სჭირდება.

„მან პირადად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის შექმნის სათავეებთან იდგა და იმ გუნდს, რომლის ხელმძღვანელიც ის იყო, მათ შორის, როგორც პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტშიც უმრავლესობით მოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0