აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის სამუშაო ჯგუფს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა

07/12/2022

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა განაცხადა, აღნიშნული ჯგუფი, პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე 2022 წლის 11 მარტს შეიქმნა, სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის შემდგომი განვითარების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით და მისი უფლებამოსილება მაშინ 30 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა. მისივე თქმით, ჯგუფმა საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. კომიტეტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის სამუშაო ჯგუფის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების მიხედვით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და არა კონცეფციას, როგორც ეს მოქმედი დებულებით იყო განსაზღვრული. საბოლოოდ რეკომენდაციები წარედგინება მთავრობას, რომელიც ამ რეკომენდაციების საფუძველზე, აგროდაზღვევის მიმართულებით, შესაბამის კანონმდებლობას მოამზადებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0