აგრარულ საკითხთა კომიტეტმა იუნესკოს ნომინაციაზე – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ მომუშავე სამუშაო ჯგუფის გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა

24/04/2024

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი მიზანი იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში ნომინაციის მომზადება და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში – ქართული ხორბლის კულტურის: რიტუალებისა და ტრადიციების შეტანა.

„მარცვლეულის მოყვანის, მეხორბლეობის, პურის ცხობის უდიდესი ტრადიციები გვაქვს. ეს ხშირ შემთხვევაში ჩვენს ყოფა-ცხოვრებას, ხშირად კი რელიგიურ რიტუალებს უკავშირდება. სხვადასხვა კუთხეში ავთენტური და განსხვავებული ტრადიციები გვაქვს. სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო ეს ტრადიციები და მიზნები რაც შეიძლება მეტად წარმოგვეჩინა და ჩვენი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გაგვეცნო მსოფლიოსთვის”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია კომიტეტს აპარატის უფროსმა ივერი ახალბედაშვილმა გააცნო. სამუშაო ჯგუფის ინიციატივით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური დახმარებით, ქართულ ხორბალთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების ინვენტარიზაცია განხორციელდა, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ადგილობრივი ექსპერტებისა და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“. სამუშაო ჯგუფმა იუნესკოში გასაგზავნი დოკუმენტაცია მოამზადა, რომელიც მოიცავს 10-წუთიან ვიდეო-ფილმს ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, იუნესკოს ნომინაციაზე ქართული ხორბლის კულტურის წარდგენა და მასთან დაკავშირებული რიტუალების და ტრადიციების წარმოჩენა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული კიდევ ერთი ჩვენი საგანძურის, ღირებულებების წარმოჩენისთვის მსოფლიოს წინაშე. ეს კიდევ ერთი დამატებითი ხაზგასმა იქნება ჩვენი კულტურის და ტრადიციების მიმართ. ჩვენ აქამდეც გვაქვს გამოცდილება თუნდაც მეღვინეობასთან დაკავშირებით, როცა მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ჩვენი კულტურა, ტრადიციები. გვაქვს ასევე ადგილწარმოშობის დასახელების სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც აღიარებულია შესაბამისი სამსახურების და მსოფლიო ორგანიზაციების მიერ. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროპული ღირებულებების ქვეყანა ვართ, ჩვენი მომავალი ევროკავშირია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამომავლოდ სწორედ ამ ცივილური ქვეყნების კავშირში დავიდოთ ბინა, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა ღირებულებებით შევალთ ამ დიდ გაერთიანებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ტრადიციები“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

დღესვე, კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენითგანიხილეს კანონპროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“. კანონპროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა მუხლობრივად წარადგინა. მან კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შედეგად აისახა. კანონპროექტის მიზანია: სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ხელშეწყობა; ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განიმარტება ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და სხვა. ასევე, განისაზღვრება მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0