აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

09/11/2017

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა ისაუბრა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესრულებაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, რომელიც 2017 წელს დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, შეადგინა 4,7% და იგი იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი წლის ბოლოსთვისაც შენარჩუნდება.
მისი ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 6.2 % შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საბაზო ინფლაცია 4.5 %-ის დონეზეა. 2017 წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4 %-ს შეადგენს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს: ცხრა თვის მდგომარეობით საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 12.1 %-ით აღემატება. ზრდაა ექსპორტის კუთხით – იგი 1 940.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.3%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან), ხოლო იმპორტი – 5 627.2 მლნ. აშშ დოლარს (7.4%-ით მეტი).
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კარგი დინამიკაა ტურიზმის მხრივ – 2017 წლის ცხრა თვეში, საქართველოს 5 მილიონ 823 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 19.3 %-ით აღემატება. იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2 მლრდ 164 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.5 %-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. უკვე ათი თვის მონაცემებით დაფიქსირებულია 6 მილიონ 400 ათასი ვიზიტორი, ხოლო აქედან შემოსულმა შემოსავალმა 2,4 მილიარდზე მეტი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, შემოსავლების ნაწილი შესრულებულია 104,8%-ით, დაგეგმილი 6 854 539.5 ათასი ლარის ნაცვლად შემოსავალმა 7 186 235.9 ათასი ლარი შეადგინა.
ხარჯების შესრულების მაჩვენებლებზე და, შესაბამისად, უწყებების მიხედვით ხარჯების შესრულების თაობაზე საუბრისას, მომხსენებელმა ძირითადი ყურადღება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას დაუთმო, სადაც მისი განცხადებით შედარებით მაღალია შესრულების მაჩვენებელი – დაახლოებით 90%. მისივე თქმით, დაზუსტება მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, რისთვისაც ჯამში 16 მილიონი ლარის მობილიზება განხორციელდა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებით გამოეყო 6 მილიონი ლარი მაღალმთიან დასახლებებში კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობის მიზნით. ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კარგად მუშაობს თანადაფინანსების პროგრამები, როგორიცაა მაგალითად „დანერგე მომავალი“. მისი თქმით, კრიზისული ვითარება შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს, და კარგი იქნება თუ კი შემუშავდება კონკრეტული პროგრამა თანადაფინანსების პრინციპის გამოყენებით ახალი ტექნიკის შეძენაზე, მათ შორის კომბაინებზე, მძლავრ ტრაქტორებზე, თანამედროვე მისაბმელებზე.
ამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ მიმართულება ნამდვილად პრობლემურია და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად სამინისტროში უკვე მუშაობენ – ფიქრობენ როგორც თანადაფინანსების მიმართულებაზე, ასევე ლიზინგზე და პროგრამას ამის თაობაზე მალე წარმოადგენენ.
წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა: „თხილის ექსპორტმა ჩვენ სერიოზულად შეგვიმცირა მაჩვენებლები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას. ამიტომ, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ უკვე გაზაფხულიდან იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდეს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია შედგეს იმიტომ, რომ თხილს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ეჭირა, მოგეხსენებათ ღვინოზე გაცილებით დიდი შემოსავლები იყო დაფიქსირებული. ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, პრაქტიკულად 51%-ით, თუმცა ეს საბოლოო ციფრი არ არის და ჩვენ ველოდებით, რომ ნოემბერ-დეკემბერი კიდევ აქტიური იქნება ამ მიმართულებით“.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეგახსენებთ, რომ ჩვენ მოვახდინეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, 2018 წლის დასაწყისში, ჩვენ შევძლებთ გაცილებით უფრო მაღალი კონკურენტუნარიანობით წარვსდგეთ ჩინურ ბაზარზე, რაც არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა და დიდი მიღწევა, და კიდევ ერთხელ მინდა მთელს ეკონომიკურ გუნდს მივულოცო“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ცნობად მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0