აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

01/02/2024

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ტრადიციული ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პარტნიორ, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით კომიტეტის მიერ 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომიტეტის სამოქმედო გეგმაშია სხვადასხვა აქტივობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნაში სოფლის მეურნეობის დარგის კიდევ უფრო განვითარებას და ამ სფეროში უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას. მისი ინფორმაციით, კომიტეტს უკვე ინიცირებული აქვს კანონპროექტი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ. კომიტეტი ასევე იმუშავებს ნიადაგის დაცვის შესახებ, აგრარული და სასაწყობო ხელწერილის შესახებ კანონპროექტებზე და სხვა. კომიტეტის გეგმაშია ასევე საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

„სამოქმედო გეგმის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებამდე, ტრადიციულად ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს და ერთად განვიხილავთ სამოქმედო გეგმას და იმ საკითხებს, რომლებზეც კეთდება აქცენტები და რომელთა განხორციელებაშიც მნიშვნელოვანია დონორების მხარდაჭერა. შეხვედრაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0