აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ქართული ხორბლის აღიარებისთვის იუნესკოს ნომინაციაზე წარსადგენად სამუშაო ჯგუფი შექმნა

19/10/2023

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა იუნესკოს ნომინაციაზე – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – წარსადგენად სამუშაო ჯგუფის შექმნას დაუჭირა მხარი. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა, იუნესკოში წარდგენის მოსამზადებლად არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის გავლაა საჭირო, რაც კომიტეტის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით წარიმართება. სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ნინო წილოსანი, ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების წარმომადგენლები. ჯგუფის მიზანია ქართული ხორბლის არამატერიალურ ძეგლად აღიარებისთვის ზრუნვა და იუნესკოში შესაბამისი წარდგინების მომზადება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0